მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ის ეტაპი გავიარეთ, როდესაც ბიზნესი ნებისმიერ ფასად გვიღირდა“ - ლევან დავითაშვილი

5f8ab71855888
ელენე გოგბერაშვილი
17.10.20 13:27
1657
„ის ეტაპი გავიარეთ, როდესაც ბიზნესი ნებისმიერ ფასად გვიღირდა“. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა #Forbestalks-ში ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობაზე საუბრისას განაცხადა.

დავითაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვან სანქცირებას ითვალისწინებს გარემოს დამაბინძურებლების მიმართ და შემოაქვს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.

„ეს ახალი ვალდებულებები გულისხმობს კერძოდ ემისიების მუდმივ, სწორ კონტროლს და მონიტორინგს, რომელზეც მუდმივ რეჟიმში ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუ ვსაუბრობთ ბიზნესზე, ის ეტაპი გავიარეთ, როდესაც ჩვენ გვიღირდა ბიზნესი ნებისმიერ ფასად. დღეს ჩვენ გვინდა პასუხისმგებიანი ბიზნესი, რომელიც ასევე ზრუნავს გარემოზე, ეკოლოგიაზე და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ამ შემთხვევაში მე უკომპრომისო ვიქნები და ვფიქრობ, ბიზნესის ავანგარდი ნაწილიც გვეთანხმება“-აცხადებს დავითაშვილი.

ჰაერის ხარისხის სტანდარტებზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ რეგულაცია ეხება ძირითადად სამრეწველო საწარმოებს, რომელთა მოდერინიზება ათობით და ათასობით დოლარის ინვესტიციებს საჭიროებს.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან ბიზნესზე, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ამის ვადა ჩვენ განვსაზღვრეთ, მაგრამ საბოლოოდ მომავალი წლიდან ეს ვალდებულებები შედის ძალაში. ნებისმიერ ფასად საქმის კეთება არ შეიძლება“ -აცხადებს მინისტრი.

ლევან დავითაშვილს მაგალითისთვის რუსთავი მოჰყავს და ამბობს, რომ იქ ეკოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. არსებობდა ასევე მოსახლეობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის პრობლემა და ეს საკომუნიკაციო პლატფორმა მათ შექმნეს.

"თუ ამ ორ მხარეს ერთმანეთს დაალაპარაკებ, მიხვდებიან, რომ ნაბიჯები ერთმანეთის მხარეს უნდა გადადგან“- განაცხადა #Forbestalks-ში ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები