მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ლანჩხუთში „ელსელემას“ სამკერვალო ქარხანა გაიხსნება

60b0bbc70e41a
ინგა მურუსიძე
30.05.21 20:30
1098
ივნისის პირველ ნახევარში ლანჩხუთში „ელსელემას“ სამკერვალო საწარმო გაიხსნება. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა. მისი თქმით, ქარხანაში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ელგუჯა მამასახლისის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საწარმო 40-მდე ადამიანს დაასაქმებს. მათი ნაწილი მიმდებარე სოფლებიდანაა და ტრანსპორტირებას "ელსელემა" უზრუნველყოფს. 

„ჯერჯერობით, დიდი შეკვეთები არ გვაქვს, თუმცა პირველ ეტაპზე დავამზადებთ სპეცფორმას. არიან კონკრეტული კომპანიები, რომელებთანაც გვაქვს ხელშეკრულებები, ზოგიერთი შეთანხმება განხილვის სტადიაზეა. ამ დროისთვის მსხვილ შეკვეთებზე აქცენტს არ ვაკეთებთ, რადგან თანამშრომლებმა ყველაფერი კარგად უნდა ისწავლონ, რათა საექსპორტო პროდუქცია დაამზადონ. ივნისში მთლიანად დაკავებული ვიქნებით სწავლება-კერვით, ხოლო ამის შემდეგ გავრისკავთ და ექსპორტისთვის მოვემზადებით", - ამბობს ელგუჯა მამასახლისი.

საწარმოს დამფუძნებლის თქმით, შეკვეთებზე გარკვეული შემოთავაზებები ბელგიური და ჰოლანდიური კომპანიებისგან აქვს, თუმცა მათთან მოლაპარაკებების გააქტიურებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, როცა დარწმუნდება, რომ საწარმო ამისთვის მზად არის. 

„რაც შეეხება „მონკლერს“, რომელთანაც ადრე ვთანამშრომლობდით, მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე ფიქრობენ, პანდემიიდან გამომდინარე უღირთ თუ არა შეკვეთა მოგვცენ, მაგრამ უარს არ ამბობენ. სურვილი აქვთ თანამშრომლობის, თუმცა ეპიდსიტუაციის სტაბილურობის კუთხით სიმყარე გვჭირდება“, - დასძინა მამასახლისმა.

მწარმოებელი განვითარებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად პანდემიურ შეზღუდვებს ასახელებს.

„ბუნებრივია, ხელს მიშლიდა პანდემიური შეზღუდვები, რადგან მაგალითად, ახლა ერთ თანამშრომელს ვუშვებთ თურქეთში ბაზრის შესასწავლად, ნედლეულის ფასები უნდა ნახოს და ა.შ. უწევს უამრავი პროცედურის გავლა იქ წასასვლელად“, - ამბობს ელგუჯა მამასახლისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები