მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონის მიღების შემთხვევაში მეწარმე დამოკიდებული ხდება მაკონტროლებლის კეთილგანწყობაზე - ფარმაცევტული ასოციაცია

648314ae5f40d
BM.GE
09.06.23 15:57
525
საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კლინიკაში, შესამომწმებლად შესვლა სასამართლოს ნებართვის გარეშე შეეძლება. საკითხი უკვე განხილულია 2020 წელს, თუმცა მაშინ ცვლილებები არ მიიღეს. როგორც ჩანს, პარლამენტი ახლა ამ საკითხს მიუბრუნდა. ცვლილებები შედის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია. განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პარლამენტისგან ითხოვს ახალი კონტროლის მექანიზმის ამოქმედებას, რომელიც მარეგულირებელს შეუზღუდავ უფლებას მისცემს, ნებისმიერ სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებაში ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე, სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით შევიდეს და შეამოწმოს.

გაურკვეველია რას ემსახურება ქვემოთ აღნიშნული კანონპროექტები, როდესაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლება აქვს სხვა და სხვა საფუძველით შეამოწმოს ფარმაცევტული კომპანიები მინიმუმ სამი კანონის შესაბამისად, კერძოდ: „ლიცენზიების შესახებ“, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.

2020 წლიდან მოყოლებული ეს უკვე მესამე მცდელობაა ისეთი საკანონმდებლო ცვლილების მიღების, რომელიც მაკონტროლებელ ორგანოს უფლებას მისცემს სასამართლოს გვერდის ავლით ისარგებლოს შეუზღუდავი უფლებით.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი გახლავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც ამჯერად ფარმაცევტული დარგის და სამედიცინო დაწესებულებების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებების შეტანას ითხოვს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, რადგან 2020 წელს და 2022 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა უარი განაცხადა ასეთი ცვლილების შეტანაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონებში.

უხეშად, რომ ვთქვათ ,ჯანმრთელობის დაცვის კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ჯანდაცვის სამინისტრო შეუზღუდავად ზრდის თავის უფლებამოსილებას, ხოლო „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებით, ხდება სასამართლო ხელისუფლების გვერდის ავლა, რაც გულისხმობს სასამართლოს ბრძანების/ნებართვის გარეშე გაზრდილი უფლებამოსილების განხორციელებას. აღარ ვსაუბრობთ იმ ფაქტზე, რომ ასეთი კონტროლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, თუ ჯარიმა (რომლის მოცულობა შეუსაბამოდ მაღალია) ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მაკონტროლებელ ორგანოს უფლება ექნება, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების, რისკების შეფასების გარეშე, ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის მიმართებაში შეამოწმოს მეწარმის საქმიანობა: შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი და სხვა.

დაგეგმილი ცვლილებები განხილული არ ყოფილა ფარმაცევტული ბაზრის სუბიექტებთან, პროფესიული ნიშნით შექმნილ ასოციაციებთან და ინფორმაციას ამ ცვლილებების შესახებ სექტორი პარლამენტის ვებ გვერდიდან იგებს.

ნებისმიერმა ახალმა რეგულაციამ ხელი უნდა შეუწყოს ბაზრის განვითარებას და რაც მთავარია დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლება სასამართლო ორგანოს მიერ. არ უნდა იქნას შექმნილი სასათბურე პირობები კორუფციული გარიგებებისთვის და ყველა მარეგულირებლის ქმედება უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და დადასტურებული სასამართლოს მიერ.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამწუხაროდ თუ ეს ასე მოხდება, მივიღებთ ისეთ რეალობას, როდესაც ფაქტობრივად მოხდება სასამართლო სისტემის უგულებელყოფა, მეწარმე დარჩება მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანოს პირისპირ და დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის კეთილსინდისიერებასა და კეთილგანწყობაზე", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები