„ეკონომიკური სტაბილურობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ინფლაცია და არა - გაცვლითი კურსი,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს სებ-ში გამართულ პრესკონერენციაზე განაცხადა.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საქართველოში ინფლაცია არის ზომიერ ფარგლებში, თუმცა ინფლაციის არსებულ დონეში არის ერთჯერადი ფაქტორების როლი.
„ეს არის აქციზის გავლენა, რომელიც 1,3% პუნქტია. ამავე დროს ნავთობის ფასების ზრდაც მოხდა, რაც ეგზოგენური ფაქტორია ანუ არამონეტარული ფაქტორი და როგორც წესი, ცენტრალური ბანკები, რომლებიც ინფლაციის თარგეთირებას ახორციელებენ, ასეთ ფაქტორებზე რეაგირებას არ ახდენენ. ინფლაციის თარგეთი ეს ზუსტად 3%-ს არ ნიშნავს, არამედ ეს საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს ყოფნას ნიშნავს და ინფლაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება იყოს 3%-ზე უფრო მაღალიც და დაბალიც, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენ მოგაწოდოთ ინფორმაცია და ანალიზი, რატომ არის ეს და ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შესაბამისად, ის ყოველთვის მიზნობრივი ინფლაციისკენ იმოძრავებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმითვე, მიმდინარე წელს ინფლაცია მიზნობრივზე უფრო მაღლა შენარჩუნდება.
„აპრილის მონაცემებით, საბაზრო ინფლაცია 1,4%-ს შეადგენს, რაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, რომ ვთქვათ, იმას მიანიშნებს, რომ ინფლაციური პროცესები არ გვაქვს და ფასების ინდექსის ზრდა დროებითი ხასიათისაა; მიმდინარე წელს ინფლაცია თარგეთზე უფრო მაღლა შენარჩუნდება, მაგრამ ზუსტად იმ ფაქტორების გამო, რომელიც მოგახსენეთ“, - აღნიშნა გვენეტაძემ და დასძინა, რომ სებ-ის მოლოდინია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
ცნობისთვის: აპრილში წლიურმა ინფლაციამ 4.1% შეადგინა; 2019 წლისთვის კი, მიზნობრივი ინფლაცია 3%-ითაა განსაზღვრული.

























