მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ მდგომარეობა ერთი ქულით გაიუმჯობესა

63d8d79071937
მარიამ ვარადაშვილი
31.01.23 13:01
591
საერთაშორისო გამჭვირვალობამ კორუფციის აღქმის ინდექსი [CPI] გამოაქვეყნა. 2022 წელს კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუმჯობესებული შედეგია.

2012 წლიდან დღემდე CPI საქართველოს ყველაზე მაღალი 58 ქულა საქართველოს 2018 წელს ჰქონდა. 56 ქულა კი ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს.

ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით [სომხეთი, აზერბაიჯანი] უკეთესი შედეგი აქვს, ამას წინა მიღწევები განაპირობებს და რეალურად ქვეყანა CPI-ში 2012 წლიდან სტაგნაციას განიცდის.

"სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც რეგიონში ანტიკორუფციული ჩემპიონი იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება ფაქტობრივად კლავს ყველანაირ იმპულსს ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. მმართველმა პარტიამ, რომელიც მიჩნეულია, რომ კონტროლდება ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ, მიიტაცა ქვეყნის ძირითადი ინსტიტუტები, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები. ამის გამო უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება”, - წერს ორგანიზაცია.

ამას გარდა, 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებაში, საქართველოსთვის არ მიენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ევროკავშირმა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ უმოქმედობა დაასახელა. საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებითვე, გადაწყვეტილებას წინ შეფასების პროცესი უძღოდა, რომლის საბოტაჟიც ბევრის აზრით, მთავრობამ თავად გააკეთა რუსეთის დასამშვიდებლად.

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება. საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. TI-ს ცნობითვე, რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა.

2022 წელს კორუფციის აღქმის ინდექსში ყველაზე კარგი შედეგები აქვთ დანიას, ფინეთს, ახალ ზელანდიას, ნორვეგიასა და სინგაპურს. ყველაზე დაბალი კი - სომალის, სირიას, სამხრეთ სუდანს და ვენესუელას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები