3AC-ის კრახი $670-მილიონიან საფინანსო ვალდებულებას უკავშირდება, რომელიც ჰეჯ-ფონდმა კრიპტო და ციფრულ აქტივებში ინვესტირებისთვის გამოიყენა. უკანასკნელ პერიოდში ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტოვალუტების მკვეთრმა გაუფასურებამ სარისკო აქტივებით დატვირთული საინვესტიციო პორტფელი მქონე ჰეჯ-ფონდის შემოსავლიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა, რის გამოც კომპანიამ ვერ შეძლო თანხის მოზიდვა და ვალის დაფარვა.
შეგახსენებთ, რომ 3AC-ის დეფოლტის შესახებ ინფორმაცია BMG-ის მკითხველმა ჯერ კიდევ ვადის ამოწურვის დღეს, 27 ივნისს შეიტყო.
Voyager Digital-ის წინაშე არსებულ ვალდებულებაზე დეფოლტირების შემდეგ, 3AC-ის აქტივების ლიკვიდირების და გაკოტრების პროცედურა ამოქმედდა, რომელმაც რამდენიმე დღეში კულმინაციას მიაღწია.
გაკოტრებული ჰეჯ-ფონდი სინგაპურში 2012 წელს დაფუძნდა, მარტის მდგომარეობით, 3AC დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის აქტივებს აკონტროლებდა, თუმცა რამდენიმე თვეში პორტფელის საერთო მოცულობა $3 მილიარდამდე შემცირდა, რაც ზოგადი კრიპტობირჟის დაღმასვლასთან და უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის - TerraUSD / LUNA-ს კოლაფსთანაა დაკავშირებული.
Wall Street Journal-თან ინტერვიუში 3AC-ის წარმომადგენლობამ აღიარა, რომ მხოლოდ კრიპტოვალუტა LUNA-ს კოლაფსით ჰეჯ-ფონდმა $200 მილიონზე მეტით იზარალა.
აღსანიშნავია, რომ Three Arrows Capital-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჟუ სუ კრიპტოენთუზიასტია, მას საჯაროდ არაერთხელ უთქვამს, რომ მომდევნო ათწლეულში ის ბიტკოინის ფასის $2.5-მილიონიან ნიშნულამდე ზრდას პროგნოზირებს.