მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (29.01 – 05.02)

601fb74b1ba3e
ეგნატე შამუგია
08.02.21 08:00
2813
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.316 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.298-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.52%-იანი გაუფასურებაა. წინა კვირას კი ლარის კურსი 0.05%-ით იყო გამყარებული. თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით შერჩეული ვალუტებიდან უმეტესობა გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით იაპონური იენი და ევრო. კერძოდ, გასულ კვირას იენის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.84%-ით გაუფასურდა, ხოლო ევრო კი - 0.74%-ით. აღსანიშნავია, რომ იანვარში გამყარების ტენდენციის მქონე სომხური დრამი თებერვლის დასაწყისში გაუფასურდა. გასულ კვირას დოლართან მიმართებით დრამის გაცვლითი კურსი 0.60%-ითაა გაუფასურებული. თუმცა, საქართველოს სხვა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტა გამყარდა. თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით საქართველოს ორი უმსხვილესი - უკრაინის და თურქეთის ეროვნული ვალუტები გამყარდა. უკრაინული გრივნა 2.95%-ითაა გამყარებული, ხოლო თურქული ლირის გამყარების ნიშნულიც ასეთივეა. აღნიშნული ვალუტები წინა კვირასაც ყველაზე მეტით იყო გამყარებული და ზუსტად ერთნაირი, 1.75%-იანი ნიშნულით. თუმცა, განსხვავებით გრივნისა, ლირას უკვე მეორე თვეა მკვეთრი გამყარების ტენდენცია ახასიათებს.
 
ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 29.01 – 05.02 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ გასული წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა. 2021 წელს სავალუტო ბაზარზე სებ-მა პირველი ინტერვენცია 06 იანვარს განახორციელა, როცა 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ზედიზედ ორი კვირა ინტერვენციებისგან თავი შეიკავა, რაც წინა კვირის ოთხშაბათს ბაზარზე მორიგი 40.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დაარღვია. თუმცა, თებერვლის პირველ კვირას, გაცვლითი კურსის გაუფასურების მიუხედავად, სებ-ს ბაზარზე უცხოური ვალუტა არ გაუყიდია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სებ-ის მიერ ბაზარზე ინტერვენცია [გაყიდვა] 26-ჯერ იყო, ჯამში 873.2 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განხორციელდა, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა არ ყოფილა, განსხვავებით 2019 წლისა. ამ წელს ცენტრალურმა ბანკმა 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 01.02 - 05.02-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

შერჩეული ვალუტებიდან იანვრის ბოლო კვირას ყველაზე სტაბილური ქართული ლარი იყო, რომელიც გამყარებასთან ერთად დაბალი მერყეობით გამოირჩეოდა, მაგრამ გასულ კვირას გაუფასურებასთან ერთად, გაცვლითი კურსი უფრო მერყევია. კერძოდ, სავაჭრო კვირის მანძილზე საშუალოსთან მიმართებით გაცვლითი კურსის მერყეობა 0.17%-ს აღწევდა. ამ პერიოდში ყველაზე ნაკლებად მერყევი ვალუტა იაპონური იუანია, რომლის საშუალოდან გადახრამ 0.09% შეადგინა. ყველაზე მეტად მერყევი კი, მსგავსად გამყარებისა, თურქული ლირა და უკრაინული გრივნაა, რომელთა მერყეობა 0.57%-იან ნიშნულზეა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 29.01/05.02 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას, საგარეო ვაჭრობის კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, გარდა ევრო და იაპონური იენისა, დანარჩენებთან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა. თავის მხრივ, ევრო და იენი ის ვალუტებია, რომელებიც გასულ კვირას დოლართან მიმართებით ყველაზე მეტითაა გაუფასურებული. აღნიშნულ პერიოდში ლარი ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან მიმართებით, 4.06%-ით გაუფასურდა. ფაქტია, რომ გასული წლის ბოლოდან ლირა სტაბილურად მყარდება, მაგრამ ლართან მიმართებით ასეთი ნიშნულით აქამდე არ გამყარებულა. წინა კვირას ლირასთან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.87%-ით იყო გაუფასურებული. თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან შედარებით ნაკლებით, მაგრამ ლარი 2.19%-ით რუსულ რუბლთან მიმართებითაც გაუფასურდა. ხოლო, უკრაინულ გრივნასთან კი - 1.86%-ით. ის ვალუტები, რომელთა მიმართაც ლარი გაუფასურებულია, თავის მხრივ, დოლართან გამყარებულია, გარდა სომხური დრამისა. გასულ კვირას დრამი დოლართან მიმართებით 0.60%-ით გაუფასურდა, მაგრამ ლართან 0.23%-ით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელია. გასული კვირის, წინ სავაჭრო კვირებისგან განსხვავებით, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ეფექტური კურსის 1.14%-იანი გაუფასურება დაფიქსირდა. თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება დიდწილად ეროვნული ვალუტის ლირასთან, რუბლთან და გრივნასთან გაუფასურებას უკავშირდება, რადგან რუსეთი, თურქეთი და უკრაინა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია. კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13.2%-ია, ხოლო იმპორტში კი - 11.1%. თურქეთის შემთხვევაში კი - ექსპორტი 5.7% და იმპორტი 17.6%. გასულ წელს უკრაინის წილი საქართველოს ექსპორტში 6.5%-ს აღწევდა, ხოლო იმპორტში კი - 4.9%.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.1-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.35%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.12%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებ სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 8.33%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 7.63% იყო. ამდენად, ნომინალური ეფექტური კურსი გაუფასურებას ექსპორტზე ზრდის კუთხით იქონიებს გავლენას, ხოლო იმპორტის შემთხვევაში პირიქით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები