მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: Hilton-ის გახსნას შემოდგომისთვის ვგეგმავთ, უნდა გავრისკოთ

60febedcde356
თელარა გელანტია
26.07.21 23:40
3319
სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze, რომლის გახსნა პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო, სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევარში ან ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება. ამის შესახებ bm.ge-ის „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა განუცხადა.

ლაშა პაპაშვილის თქმით, საქართველოში შესაბამისი კადრი ვერ იპოვეს, ამიტომ სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე კადრი პოლონეთიდან ჩამოიყვანეს.

ამასთან, როგორც ბიზნესმენი ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად, მეორე წელია ტურიზმი გაჩერებულია, ამ სფეროში კადრების მოძიებაც გართულდა.

„ოპტიმისტური სცენარით თუ განვითარდა პროცესები, Hilton Garden Inn Tbilisi-ს გახსნას ვუმიზნებთ შემოდგომისთვის - სექტემბრის მეორე ნახევარში ან ოქტომბრის დასაწყისში. უნდა გავრისკოთ. დღეს უკვე გამოწვევას წარმოადგენს ამ სფეროში კადრების პოვნაც. 1.5 წელია ეს ბიზნესი გაჩერებულია და ადამიანებს არ უნდათ გარისკვა, ამიტომ ახალი თანამშრომლების აყვანისას ვაკეთებთ დათქმას, რომ თუ ტურიზმი ისევ გაჩერდა და სასტუმროები დაიკეტა და ა.შ. ხელფასის გარკვეულ ნაწილს შევუნარჩუნებთ - სხვა პირობით არ მოდის ხალხი... ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ასეა მთელ მსოფლიოში - დამლაგებელს, მიმტანს, მზარეულს ვერ იშოვი...“, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.

ცნობისთვის: 14-სართულიანი სასტუმრო HiltonGarden Inn Tbilisi Chavchavadze-ში 170 ნომერია. სასტუმროში, ასევე, არის: 8 საკონფერენციო დარბაზი, ქართული რესტორანი, სპეციალური კონცეფციის მაღაზია და სავარჯიშო დარბაზი 24/7. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესტურიზმის განვითარების კუთხით, კომპანია „რედიქსი“ პიონერია და სწორედ სასტუმრო "ჰილტონისა" და ბიზნესცენტრ CH64-ის სახით, აღნიშნული პროექტები წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ბიზნესტურიზმის განვითარებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები