მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიფტების შემოწმებაზე პასუხისმგებელი ამხანაგობაა - კალაძე

63c7a740391d4
მარიამ ვარადაშვილი
18.01.23 11:53
835
თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ვაზისუბანში, ლიფტის გაუმართაობის გამო მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მისივე თქმით, თბილისის მერიის პასუხისმგებლობაა არ არის თუ როგორ იმუშავებს ცალკეულ კორპუსებში ლიფტები, თუმცა ქალაქის მთავრობას აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეთა მიმართვის შემთხვევაში მერია ლიფტის სარემონტო სამუშაოებს დააფინანსებს.

“ადამიანთა გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ცდილობს სიცრუის გავრცელებას. ასევე საუბარი იყო მერიის დადანაშაულებაზეც. შესაძლოა ბევრმა არ იცის რეალობა, ან ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან კარგად ვიცით, რომ როდესაც ტრაგედია ხდება, ამას მაშინვე მოჰყვება ხოლმე სპეკულაციები. რაც შეეხება ლიფტების უსაფრთხოებას და მასთან დაკავშირებულ კითხვებს, რაც ბოლო დღეებში ბევრს გაუჩნდა, მინდა მოსახლეობას შევახსენო იმაზე თუ რა წესია საქართველოს კანონმდებლობაში",-თქვა კალაძემ და საკითხი განმარტა. 

თბილისის მერის ინფორმაციით, არსებობს მთავრობის დადგენილება ლიფტების ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ვისი პასუხისმგებლობაა ლიფტების გამართულად მუშაობის საკითხი. 

“ამ დადგენილებით ამხანაგობა ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო სამსახურის ობიექტების რეესტრში. თუ ექსპერტიზა ხარვეზს გამოავლენს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა, ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტიც თქვენი საკუთრებაა და მისი მოწესრიგება თავად უნდა უზრუნველყოთ. ასევე მისი რეაბილიტაცია და განახლება. ამის მიუხედავად, გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ამიტომ ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს იმისთვის, რომ ქალაქის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ”,-განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერი ამბობს, ამ პროექტების ფარგლებში კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში პრიორიტეტებს თავად იქ მცხოვრები ადამიანები ადგენენ. მისივე ინფორმაციით, მერია წლიურად დაახლოებით 40 მლნ ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებაში და როდესაც ამხანაგობას ლიფტების უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება დაფინანსება, გამგეობა ეხმარება. თუმცა, საბოლოოდ ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ამხანაგობაა.

“მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რაც ჩვენივე პროგრამითაა დადგენილი. ვიმეორებ თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა და გამოვლინდეს აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი”,-ამბობს კალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები