საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის ბოლოდროინდელ ვარდნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მესტვირიშვილი ფიქრობს, რომ 2019 წლის განმავლობაში ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, საქართველოში მთლიანი სავალუტო შემოდინებების მოცულობა სავარაუდოდ არ შემცირდება.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ლარის მცურავი გაცვლითი კურსი ქვეყნის ეკონომიკისთვის ბუფერის როლს ასრულებს.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენები, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ასევე გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, ლარის გაცვლით კურსზეც აისახა, რის გამოც ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ლარის კურსმა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რამდენჯერმე მკაფიო ცვლილება განიცადა.
პირველადი გათვლებით, სხვა თანაბარ პირობებში, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები ჯამში პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენებს შეარბილებს.
დღევანდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო,"- აცხადებს მესტვირიშვილი.
დღევანდელი ვაჭრობით ლარი დოლართან და ევროსთან მიმართულებით გამყარდა. ერთი დოლარი 2.85 ლარი, ევრო კი 3.20 ლარი ღირს.