მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივიან. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტისთვის" ექსკლუზიურად ხდება ცნობილი. ინფორმაცია "ბიზნესკონტაქტს“ ეროვნულ ბანკშიც დაუდასტურეს. საუბარია რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, რომლებმაც ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მათთვის დაკისრებული ჯარიმები გაასაჩივრეს.
"ბიზნეკონტაქტის" ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან როგორც შედარებით მცირე, ისე საშუალო და მსხვილი ზომის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მათ შორის Swiss Capital, Сredit +, Leader Credit.
როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სარჩელი სასამართლოში დაახლოებით 2 თვის წინ შეიტანეს.
"რამდენადაც მე ვიცი, ისინი მიიჩნევენ, რომ ჯარიმების მოცულობა არაადეკვატურია. თუმცა, კანონით მსგავსი ოდენობის ჯარიმის დაკისრება შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, კომპანიები მიიჩნევენ, რომ არასამართლიანია ამ მოცულობის ჯარიმები.
ამასთან, საუბარია ეროვნულ ბანკთან, რომ თვითონ კანონი, რომელიც მიღებულია, არის საკმაოდ მკაცრი. შეიძლება ბევრმა ორგანიზაციამ მოთხოვნილი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილოს, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ისე სხვა მიმართულებით, რადგანაც არსებობენ საკმაოდ მცირე ზომის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც“,- აცხადებს „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას მიკროსაფინანსო ორგანოზაციების ასოციაციის თავჯდომარე ბესიკ შენგელია. მისი თქმით, კანონი ჯარიმის მოცულობას დეტალურად არ განსაზღვრავს და დაჯარიმება 100-დან 1500-ლარამდეა შესაძლებელი. დარღვევების რაოდენობის მიხედვით კი ეს თანხა ერთმანეთზე მრავლდება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმების მოცულობას, ბესიკ შენგელია აცხადებს, რომ ჯარიმები რიგ შემთხვევებში 100 000 ლარს აღწევდა.
როგორც ეროვნულ ბანკში "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს, მიკროსაფინანსო კომპანიებმა, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ დაჯარიმებას, ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და პროცესები სასამართლოში მიმდინარეობს.
რაც შეეხება დარღვევებს, რის გამოც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაჯარიმდნენ, ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ დარღვევები რამდენიმე სახის იყო, კერძოდ: მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაუცემლობის ფაქტები; კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის ნაკლოვანებები; კლიენტის შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის ფლობა, რაც ავტომატურად განაპირობებს რისკების იდენტიფიცირების პროცესის არაეფექტურობას; გარიგებების მუდმივი და გაძლიერებული მონიტორინგის განუხორციელებლობა და სხვ.
მიკროსაფინანსოების დაჯარიმებასთან დაკავშირებით, განმარტება ეროვნულ ბანკში რამდენიმე თვის წინ გააკეთეს. ბანკში განმარტავენ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მონიტორინგის პროცესის ადეკვატურად წარმართის მიზნით, ხშირ შემთხვევაში, არ არის შემუშავებული კონტროლის სისტემა, რაც თავის მხრივ მოიცავს შიდა პოლიტიკა-პროცედურებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, პასუხისმგებლობების გადანაწილებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
"ხაზი უნდა გაესვას ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნებთან მიმართებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მენეჯმენტის არასათანადო დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონმდებლობა მოქმედებს 2003 წლიდან. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი შემუშავებულია ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) განსაზღვრულ სტანდარტებზე დაყრდნობით. FATF წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით და ავალდებულებს თითოეულ სახელმწიფოს ამ რეკომენდაციებთან შესაბამისობას. FATF-ის რეკომენდაციებთან შეუსაბამობამ შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს მაღალი-რისკის სახელწიფოთა სიაში მოხვედრა, რაც, თავის მხრივ, ქმნის განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის ან არ დამყარების რისკებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს FATF-ის რეკომენდაციებთან შესაბამისობის კუთხით, სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, მინიჭებული აქვს დადებითი შეფასება, როგორც კანონმდებლობის ასევე ზედამხედველობის განხორციელების კუთხით. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ კანონით ჯარიმების მოცულობა არ არის დეტალიზებული, არის მცდარი, ვინაიდან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი აკონკრეტებს თუ რომელი კონკრეტული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში რა მოცულობის ფინანსური სანქცია დაეკისრება ფინანსურ ინსტიტუტს. რაც შეეხება ჯარიმების მოცულობას, სტანდარტების შესაბამისად, ფინანსური სანქცია უნდა იყოს ეფექტური და შემაკავებელი, რათა ფინანსურმა ინსტიტუტმა თავი არ აარიდოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისათვის საჭირო ზომების გატარებას ან/და თავად არ აღმოჩნდეს ჩართული აღნიშნულ საქმიანობაში“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

























