მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი კომპანიები რუსეთიდან შემოტანილ საწვავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ - ლექვინაძის მიგნებები

62838791407a0
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.22 15:51
1865
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარების დაკვირვება და 15 მაისამდე მთავრობისთვის ანგარიშის წარდგენის დაავალა. 16 მაისს გამართულ მთვარობის სხდომაზე კი, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა.

ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალ ფასად რეალიზაციის საკითხზე გადაცემა „საქმის კურსში“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა და სააგენტოს მოკვლების შუალედური ანგარიშის მიხედვით განაცხადა, რომ მარტ-აპრილში მსხვილი კომპანიების ნაწილი რუსეთიდან შემოტანილ დაბალი ღირებულების საწვავს, საცალო ქსელში მაღალი ფასნამატით ყიდიდა.

"კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის პირველ 4 თვის საწვავის ბაზარზე დაკვირვება და მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ჩვენთვის საყურადღებო თვეები მარტი-აპრილის პერიოდია, რომელიც წინა კვარტლის გარკვეული სურათისგან განსხვავდება. დაახლოებით მარტის ბოლოდან, საქართველოში გაიაფებული ნავთობის და საწვავის იმპორტი ხორციელდებოდა, რაც აპრილის დასაწყისშიც გაგრძელდა. აქ საუბარია, როგორც ევროპულ, ასევე არაევროპულ საწვავზე. 12 მარტის შემდეგ გარე ბაზრებზე საწვავის ფასის შემცირება დაიწყო, ასევე ქვეყნის შიგნით კურსის გამყარება დაიწყო და ამან საქართველოში საწვავის იაფი ღირებულებით შემოდინება განაპირობა, თუმცა მთელი აპრილის პერიოდში აღნიშნულ გარემოებას რიგი მსხვილი კომპანიების საცალო ფასებზე გავლენა არ მოუხდენია და მომხმარებელს ეს არ უგრძვნია.

არაევროპული და ევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის ღირებულება რომ შევადაროთ, არაევროპული ქვეყნებიდან შემოტანილი საწვავის თვითღირებულება, დაახლოებით, 20-25 თეთრით იაფია. ძალიან ბევრი კომპანია, მათ შორის მსხვილი იმპორტიორები და ქსელები, საწვავის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებდნენ. მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, სწორედ რუსეთიდან შემოტანილ საწვავში ძალიან მაღალი მარჟები და მაღალი ფასნამატები იყო, მათ ბევრად მეტი ფასის კლების რესურსი ჰქონდათ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

„ჩვენი მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებისას კარგად გამოჩნდება ის ფასნამატი, რომელიც კომპანიებს როგორც ევროპული, ასევე არაევროპული ქვეყნებიდან შემოტანილ საწვავზე ჰქონდათ. წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით ეს ფასნამატები გაზრდილია. საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში, ჩვენი მთავარი ნაწილი არის ის რომ აპრილში, კომპანიებს ფასის შემცირების რესურსი გააჩნდათ.

თუ ჩვენს პლატსის ფასებს ვნახავთ 8-10 მარტიდან, თვის ბოლომდე საწვავის ღირებულება, დაახლოებით, 175 დოლარით შემცირდა და ეს აპრილშიც გაგრძელდა, თუმცა ზოგადად გვესმის, რომ გარემო არაპორგნოზირებადია და თუ 4-თვიან პერიოდს ავიღებთ, აქ საწვავის ფასის ზრდა გვაქვს. ამიტომაც გვაქვს ის შეხვედრები, რომელიც მსხვილ და მცირე კომპანიებთან დავიწყეთ“, - აღნიშნა ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები