მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მზად ვარ, პრინციპული რეფორმისთვის“ - როგორ ესახება ტიკარაძეს წამლების ფასის რეგულირება

5fe2098184ec6
ინგა მურუსიძე
22.12.20 19:09
1531
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ თურქეთთან მედიკამენტების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც არაერთ კომპონენტს მოიცავს, თუმცა მთავარი ისაა, რომ ის ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასების გადაზღვევას, რათა ფასნამატი 300% და 400%-იანი არ იყოს.

ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ასევე თქვა, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც წამლის ფასებთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება.

„მზად ვარ, პრინციპული მიდგომით ჩავატაროთ ეს რეფორმა. წელიწადნახევარია ამ თანამდებობაზე ვარ და რასაც ვაკვირდები, ჩვენი ყველაზე სუსტი რგოლი არის გაგვაჩნდეს ბერკეტები, სამართლიანი და ეფექტური რეგულაციებისთვის. ამას ქმნის საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის შექმნაც მნიშვნელოვანია. მზად ვართ, ჩავერთოთ პროცესში და შემდეგ მის აღსრულებაზეც ვიზრუნოთ.

თუმცა წამლების ფასების საკითხი მხოლოდ ამ ერთი ბერკეტით ვერ შემოიფარგლება; განხორციელებული გვაქვს მრავლობითი მოლაპარაკებები თურქეთთან და უკვე დაიდო მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ვითანამშრომლებთ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ყველა ესენციური მედიკამენტი, რომელიც საჭიროა, შემოვიდეს ნუსხის მიხედვით. ეს სახელმწიფოს და კერძო სექტორს გაუჩენს ბერკეტს, რომლის თანახმად, გვეცოდინება რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე. ის განცდა, რომელიც საქართველოში მედიკამენტები 300 და 400%-იან მოგებით იყიდება, სახელმწიფოს მხრიდან იქნება გადაზღვეული იმ გამჭვირვალობით, რომელსაც თურქეთის სამინისტრო გვთავაზობს“, - განმარტა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, მინისტრობის კანდიდატმა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზეც ისაუბრა და ამით ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს კითხვას გამოეხმაურა, რომელიც დაინტერესდა, თუ რა ბიუჯეტია გამოყოფილი პროგრამისთვის, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფას ეხება.

„რაც შეეხება მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, ამ პროგრამის სრული ინტეგრაცია საყოველთაო ჯანდაცვაში მოხდა აპრილში. მას დახვდა წინა პროგრამიდან ნაშთი და ეს იყო 6 მლნ 400 ათასი ლარი. დღეისთვის პროგრამიდან გახარჯულია ჯამურად 12 მლნ 600 ათასი ლარი და ბენეფიციარები, რომლებიც ჩართული არიან, უწყვეტად მოიხმარენ პრეპარატებს. თუ გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდება და ალბათ ასეც იქნება, მზად ვართ კომუნიკაციისთვის, რომ განვიხილოთ ის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რომლებიც ამ პროგრამას ჩვენი ბენეფიციარებისთვის უფრო მისაღებს და ადვილად ხელმისაწვდომს გახდის “, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები