საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს აფასებს, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.
კანონპროექტით, უქმეებზე მუშაობა და ზეგანაკვეთი საათობრივი 50%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს. მიღების შემთხვევაში დამსაქმებლებს დასაქმებულთა მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოს დროის ხანგრძლივობის დეტალური აღრიცხვა და ამ აღრიცხვის საფუძველზე, ზეგანაკვეთური მუშაობისთვის შესაბამისი სახელფასო დანამატების გაცემა მოუწევთ. ასევე წესდება ლიმიტი - დასაქმებული არ შეიძლება კვირაში 6 დღეზე მეტს მუშაობდეს.
ნიკა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ დაბალი ანაზღაურების თუ ზეგანაკვეთური მუშობის პრობლემას კანონი ვერ გადაწყვეტს და საბოლოოდ ის მხოლოდ ფურცელზე დარჩება.
“პრობლემა კანონმდებლობაში არ არის, პრობლემა არის ბევრად სიღრმისეული. ჩვენ ვაწარმოებთ ცოტას და ნაკლები ღირებულების პროდუქციას, შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების პირობები, ანაზღაურება არის დაბალი.
მაგალითად, ლუქსემბურგში ერთი დასაქმებული ერთ საათში ქმნის დაახლოებით 95 დოლარის ღირებულების პროდუქციას, აშშ-ში - 65 დოლარის, ყველაზე ქვევით ამ სიაში არის მექსიკა, სადაც 20 დოლარის ღირებულების პროდუქცია იქმნება საათში ერთი ადამიანის მიერ. ჩვენ საერთოდ არ ვართ ამ სიაში, თუმცა, დაახლოებით ეს მაჩვენებელი არის 3 დოლარი. პრობლემა არის სწორედ ეს.
რაც უნდა ჩავწეროთ შრომის კოდექსში, ამ რეალობას ეს ვერ შეცვლის. იმისთვის, რომ გაიზარდოს თითოეული ჩვენგანის ხელფასი, ამის მოგვარება არის ის, რომ განვითარდეს ეკონომიკა. ვაწაარმოოთ მეტი ღირებულების პროდუქცია, რომელსაც გავყიდით ბევრად ძვირად”, - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.
მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი საქართველოში გაიზარდა მინიმუმ 600-700%-ით. ანუ ქვეყანა ვითარდება, მაგრამ ძალიან ნელა და პრობლემაც ესაა.
რაც შეეხება უშუალოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, ნანუაშვილი ამბობს, რომ ბიზნესისთვის ხარჯები ბუნებრივია გაიზრდება, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხარჯები აისახება პროდუქციის ღირებულებაზეც.
“როდესაც სამუშაო ადგილების სიმცირეა და სამუშაო ძალა ჭარბია, რომლის კვალიფიკაციაც მთლად მაღალი არ არის, რა საკანონმდებლო ცვლილებაც არ უნდა მივიღოთ, ეს შრომის ბაზარს კიდევ უფრო გადასწვეს იატაკქვეშ. დასაქმებული და დამსაქმებელი შეთანხმდებიან პირობებზე, რომელიც ორივეს აწყობს და შრომის კოდექსი დარჩება ფურცელზე”,- აცხადებს ნანუაშვილი.