მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტის 98% რუსეთიდან განხორციელდა

6195fe4369dd9
დავით ჯალაღონია
18.11.21 11:40
1363
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 8.4 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 93%-ით ნაკლებია.

აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი - 98%, საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან მიიღო, რამაც 8.27 მილიონი კილოვატი შეადგინა. ელექტროენერგიის დარჩენილი 2% საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ოქტომბერში იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ ქვეყნის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 1% შეადგინა.

მთლიანობაში, 2021 წლის 10 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 64%-ით გაიზარდა და მან 1.72 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. 

იმპორტის უდიდესი წილი მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაზე მოდის, რაც 1.06 მილიარდ კილოვატს შეადგენს. აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტი 506 მილიონი კილოვატ საათი, თურქული ელექტროენერგიის იმპორტი კი 161 მილიონი კილოვატ საათი იყო.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი ელექტროსადგური "ენგურჰესი" სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაჩერებული იყო და აპრილში ამ ობიექტმა 23.7 მლნ კვტ.სთ ელ.ენერგია გამოიმუშავა. ამ ფაქტორის გამო, საქართველოს დამატებითი იმპორტირებული რესურსი დასჭირდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები