მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი "ბორჯომთან" დაკავშირებით "სასიამოვნო ინფორმაციას" აანონსებს - "ამოცანაა, დავიცვათ ეროვნული ინტერესები"

626d1354da4f2
BM.GE
30.04.22 14:26
5477
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მინერალური წყალი "ბორჯომის“ შესახებ "სასიამოვნო ინფორმაცია" ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან ინფორმაციის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.

"ზოგადად გეტყვით ერთ რამეს, მთავარი ჩვენი მოტივაცია არის ის რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველა მიმართულებით, მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ენერგეტიკა, ეკონომიკა, ყველა მიმართულებით. მაგალითად, ბოლო დღეებში გვესმის ჩვენ რომ ბორჯომის აქციები, მოგეხსენებათ რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ, ამ საკითხზე ჩვენ მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ მინდა გარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე და ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები,"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ განაცხადა, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი სანქციების გამო მათთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაა.

რატომ შეეხო ბორჯომს სანქციები:

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი $460 მილიონად გაასხვისეს. 

დღეს თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია. 

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები