საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება გერმანიის ელჩს მიმართავს, გერმანიაში დასაქმებულთა საკითხი შეისწავლოს.
პროფკავშირები ასევე მიმართავენ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რომლებიც დროებითი დასაქმების პროგრამით გერმანიაში მუშაობენ.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. ისინი ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ. გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.
პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს გერმანიის ელჩს, შეისწავლოს საკითხი და საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რადგან სწორედ შრომის სამინსტროსთან არსებული დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოა მათი გერმანიაში გამგზავრების ორგანიზატორი. არსებულ ვითარებას უნდა გაეცნოს საქართველოს შრომის ინპექციაც, რადგან საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება.
პროფკავშირების გაერთიანება თავის მხრივ მიღებულ ინფორმაციას რეაგირებისთვის პარტნიორ გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებას მიაწვდის“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთნხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იყო შესაძლებელი. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დროებით დასაქმებულები საათში 9.5 ევროს(დარიცხული) მიიღებდნენ ანაზღაურების სახით. პროგრამამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, დაახლოებით 1 თვეში შესაბამის პლატფორმაზე 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.