საქართველოში ახალი მოიერიშე თვითმფრინავი ,, GE -31 ბორა“ 2020 წლისთვის დამზადდება, ამის შესახებ Bm.ge-ს ,,თბილავიამშენის“ დირექტორმა ნოდარ ბერიძემ განუცხადა. მისი თქმით, პროექტი აქტიურ ფაზაშია და მოლაპარაკებებს ძრავის შერჩევის მიზნით რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებენ, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია.
"მოიაზრება სხვადასხვა ქვეყნის წარმოების ძრავები, მათ შორის ფრანგული, ამერიკული. ეს იქნება "სუ 25" - ის მოდერნიზებული ვერსია, თუმცა, გვინდა, რომ ამ საბრძოლო თვითმფრინავში არცერთი დეტალი არ იყოს რუსული წარმოების.
სხვათაშორის, ,,ბორა“ ქართული სიტყვაა და ნიშნავს, როგორც ძლიერ ჩრდილოეთის ქარს, ასევე ქორისებრთა ჯიშის ფრინველის სახელწოდებაცაა, სწორედ აქედან გამომდინარე შევურჩიეთ ეს სახელი თვითმფრინავს. ციფრი 31 კი ,,თბილავიამშენის“ საპატივცემოდაა შერჩეული, რაც თავისთავად 31-ე საავიაციო ქარხანას მოიაზრებს“ - განაცხადა ნოდარ ბერიძემ.
მისი თქმით, მოიერიშე თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. დამკვეთები კი არაბული ქვეყნები, აზია და აფრიკა იქნებიან, პოტენციურ დამკვეთებად მოიაზრებიან ასევე უკრაინა და ევროპის ქვეყნები.
"თბილავიამშენის“ ქარხანა მოიერიშე "სუ 25"-ებს 1979 წლიდან უშვებს და დღეს-დღეობით ამ ტიპის თვითმფინავების ერთადერთი მწარმოებელია. მას 1000-ზე მეტი აღნიშნული ტიპის მოიერიშე აქვს დამზადებული. კომპანია ერთადგილიან და ორადგილიან სუ-25-ეს აწარმოებს, ასევე იღებს შეკვეთებს მათ კაპიტალურ რემონტზე და მოდერნიზებაზე. ქარხანაში ასევე საბრძოლო ვერტმფრენების მი- 8, მი- 17-ის და მი -მ 24 -ის კაპიტალურ რემონტსაც ატარებენ.