მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წვენი „ალალი“ ექსპორტზე აშშ-ში გავიდა

5eef1b92a802b
თამთა ჯიჯავაძე
21.06.20 12:50
3574
ქართული წვენი „ალალი“ უკვე ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში იყიდება. როგორც პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ bm.ge-ისთან განაცხადა, პირველ ეტაპზე აშშ-ში ექსპორტზე, დაახლოებით, 12 000 ბოთლი „ალალი“ გავიდა.

მალე უკვე მეორე საექსპორტო პარტიის გაგზავნას გეგმავენ. „მეორე პარტიაც მიდის ახლა ლოს-ანჯელესში. სულ 16 000 ბოთლი“, – აღინიშნა გოჩა ღვინეფაძემ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ექსპორტს, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს საბერძნეთთან, ისრაელთან, ჩეხეთთან და ლიეტუვასთან.  „პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თითქმის ბოლოში ვიყავით გასული. ვნახოთ, ახლა როგორ დასრულდება მოლაპარაკება“, – აღნიშნა ღვინეფაძემ.

„ალალის“ წვენები საქართველოში, სუპერმარკეტების თითქმის ყველა მსხვილ ქსელშია წარმოდგენილი. მათ შორის „გუდვილში“, „კარფურში“, „აგროჰაბში“, „ზღაპარსა“ და „ფრესკოში".

გოჩა ღვინეფაძის თქმით, კომპანია თვეში, დაახლოებით, 50 000-60 000 ბოთლის რეალიზაციას ახდენს.

„აჩინებული“ ამ ეტაპზე ხუთი სახეობის წვენს აწარმოებს; მათ შორის -  ვაშლის, ატმის, ყურძნის, მაყვალისა და ციტრუსის. მალე გამოჩნდება ალუბლის „ალალიც“, ხოლო სამომავლოდ - ბროწეულის.

„აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და გასული წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები