ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ სებ-ის პროგნოზით წწელს ქართული კომერციული ბანკები "სოლიდურ მოგებაზე" გავლენ. ამას ადასტურებს ახალი სტატისტიკური მონაცემებიც, მაისში საბანკო სისტემამ პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული, 204 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. 2021 წლის 5 თვეში კი ბანკებმა ჯამურად 765 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
კონკრეტული თვეების განმავლობაში მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო:
იანვარი – 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი – 132 მილიონი ლარი;
მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი – 173 მილიონი ლარი;
მაისი - 204 მილიონი ლარი.
მთლიანობაში 2021 წლის 5 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 2.3 მილიარდი ლარი მიიღეს, აქედან საპროცენტო შემოსავალი 1.87 მილიარდი ლარი იყო. უფრო კონკრეტულად კი მოქალაქეებმა თავიანთ სესხებზე იანვარ-აპრილში 963 მილიონი ლარის პროცენტი გადაიხადეს, იურიდიული პირების მიერ გადახდილი პროცენტი კი 664 მილიონი ლარი იყო.
საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 230 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
რაც შეეხება მათ ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 531 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 298 მილიონი ლარი დახარჯეს.
ამასთან, ბანკებმა თანამშრომლებზე ხელფასების სახით 311 მილიონი ლარი გასცეს. მთლიანობაში საბანკო სისტემამ 845 მილიონი ლარის მოგება დააგენერირა, რაზეც 80 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა. შედეგად, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 765 მილიონი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.
ამ დროისთვის ქართულ ბანკებში 36.2 მილიარდის მოცულობის დეპოზიტები არის განთავსებული. ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა კი 39.5 მილიარდი ლარია.