მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის ქარხანაში არიან თანამშრომლები, რომლებსაც ფაქტობრივად 5 წელია არ დაუსვენიათ" - გაფიცული თანამშრომელი

60a6b7d99a9a6
თამთა ჯიჯავაძე
20.05.21 23:19
1027
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები კვლავ გაფიცულები არიან. მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ. გაფიცული თანამშრომლები მოლაპარაკებებში ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ჩართულობას ითხოვენ. თუმცა, თავად კომპანიაში "IDS ბორჯომი საქართველო" აცხადებენ, რომ  "თანამშრომლებთან პირდაპირი მოლაპარაკება შეუძლებელია ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის დესტრუქციული ქმედებების გამო, რომელიც უკრძალავს თანამშრომლებს დამსაქმებლებთან შეხვედრას მისი ჩართულობის გარეშე".

ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა ბექა სტეფნაძემ კი „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ისინი პროფკავშირის წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის ჩართულობის გარეშე მოლაპარაკებების გამართვაზე თანახმა არ არიან.

„ჩვენ იურიდიულად არ ვართ მომზადებული, ვერ ვერკვევით ამ საკითხებში და შეიძლება მოვტყუვდეთ, როგორც ეს იყო გასულ წელს. ამას აღარ დავუშვებთ, გიორგი დიასამიძე არის ჩვენი ერთადერთი ნათელი წერტილი. მის გარეშე არანაირი მოლაპარაკება არ იქნება.

„მოთხოვნები უცვლელია. ესენია: 1. დანაკლისი ხელფასების ანაზღაურება. 2. არსებული ხელფასების 30%-იანი მატება 3. შრომითი პირობების გაუმჯობესება, 4. კოლექტიური შეთანხმების მიღწევა. ეს უნდა მოხდეს პროფკავშირებთან შეთანხმებით, კერძოდ გიორგი დიასამიძესთან ერთად“, - განაცხადა მან და დასძინა რომ ისინი პროტესტს გააგრძელებენ.

მისივე თქმით, ქარხანაში არიან თანამშრომლები, რომლებსაც ფაქტობრივად, ხუთი წელია დასვენების დღე არ ჰქონიათ და კვირაში შვიდივე დღე მუშაობენ.

ცნობისთვის, ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. შედეგად ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების მუშაობა შეჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები