მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენგურჰესზე სამი მუზეუმი მოეწყობა" - ექვს თვეში ატრაქციას 35 000 ვიზიტორი სტუმრობდა

636ce067a434f
ინგა მურუსიძე
10.11.22 15:46
2479
ბოლო ექვს თვეში ენგურის კაშხალს 35 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა. როგორც bm.ge-შპს "ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, ინტერესს იჩენენ როგორც საქართველოს, ისე - სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

მისივე თქმით, კაშხალს ტურისტული მიზნით სტუმრობდნენ როგორც რუსები, ასევე უკრაინელები და ვიზიტორები ისრაელიდან და ევროპიდან.

„აქამდეც დადიოდნენ ვიზიტორები, თუმცა მოთხოვნა, ძირითადად, მაისიდან გაიზარდა. მაისის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით, 35 ათასამდე ვიზიტორი გვსტუმრობდა. ფასებს რაც შეეხება, ჯერჯერობით, არ შეგვიცვლია: ფეხით მოსიარულეებისთვის - 2 ლარი, მოკლე ტური - 10 ლარი, გრძელი ტური - 20 ლარი, თუმცა მოგვიწევს ფასების გადახედვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. მაგალითად, დაგეგმილია, რომ გრძელ ტურზე გაკეთდეს მღვიმე. ამის შემდეგ, ფასები სავარაუდოდ, შეიცვლება, მაგრამ ადეკვატურად. ფასის მატება, შესაძლოა, შეეხოს მოკლე ტურსაც მუზეუმებში შესვლისთვის“, - განაცხადა ანთიძემ.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე მომზადდა და ნაწილის მომზადება მიმდინარეობს, რაც ეხება მუზეუმებს, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციითვე, ენგურჰესის გვირაბში სამი მუზეუმის მოწყობა იგეგმება. "ხარჯებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, ახლა მიმდინარეობს პროექტების ჩამოყალიბება. სამი მუზეუმი იქნება, მათგან ერთში ფილმის ჩვენება გაიმართება, მეორე ენერგიის წარმოქმნის დაკვირვებას უზრუნველყოფს, ხოლო მესამეს მეშვეობით ვირტუალური ტური ჩატარდება ენგურჰესის იმ ნაწილში, საბერიოში, რომელიც აფხაზეთის რეგიონში მდებარეობს“, - აღნიშნა ანთიძემ.

კიდევ ერთი სიახლე, რაზეც ანთიძემ bm.ge-სთან ისაუბრა, მენეჯმენტში ცვლილებებია. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომლის შემდეგაც შპს "ენგური ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დაქვემდებარებაში აღარ იქნება და თავად შპს "ენგურჰესის" დაქვემდებარებაში გადავა.

„ცვლილება კარგია, რადგან ბიუროკრატიულ პროცედურებსაც გაგვიმარტივებს და ალბათ ლოგიკურიც არის, რადგან „ატრაქცია“ ენგურჰესზე მდებარეობს. გეგმების ბოლომდე მიყვანაშიც ფინანსურად სწორედ "ენგურჰესი" დაგვეხმარება“, - აღნიშნა ანთიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები