მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნათია თურნავასთან შეხვედრაზე ვიყავით... გახსნის მოლოდინი გვქონდა" - სავაჭრო სახლი „საბა“

5fe20eedbc98f
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.20 19:35
2491
მთავრობის მიერ სავაჭრო ცენტრებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დახურული ვაჭრობის ობიექტ „საბას“ არ შეხებია. როგორც „საბას“ დირექტორი პაატა კაჭარავა BM.GE-ისთან საუბრისას განმარტავს, ობიექტი არ სარგებლობს სავაჭრო ცენტრის ან მოლის სტატუსით, შესაბამისად, შეზღუდვები მათთვის არ მოხსნილა.

თუმცა ამასთან ერთად, სავაჭრო სახლის დირექტორი ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში სავაჭრო ცენტრების ტერმინი საერთოდ არ არის და ვერ გაუგია, როგორ მიიღეს მოლებმა გახსნის უფლება, მათ კი - არა.

„სავაჭრო ცენტრის ან მოლის სტატუსი საგადასახადო კოდექსის მიხედვით არ არსებობს. 26-ე მუხლში გაწერილია ბაზრობის სტატუსი - თუ ბიზნესსუბიექტი ფართს 10-ზე მეტ სუბიექტზე  აქირავებს, მაშინ მას ბაზრობის სტატუსი ენიჭება. შესაბამისად, ბაზრობის სტატუსის ქვეშ ვართ როგორც ჩვენ, ასევე - მოლებიც“, - განმარტავს პაატა კაჭარავა.

მისი ინფორმაციით, გასულ კვირას  ის იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრების და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრაზე და ჰქონდა მოლოდინი, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მათაც შეეხებოდათ, რადგან „საბაში“ რეგულაციებს იმაზე მეტად იცავდნენ, ვიდრე ამის მოთხოვნა იყო.

„ნათია თურნავასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რა დაცვის საშუალებები გვქონდა „საბაში“. „საბას“ კოვიდ-რეგულაციები მაქსიმალურად ჰქონდა დაცული. კერძოდ, გაფილტრული და იონიზირებული ჰაერი მიეწოდება დიდ სავაჭრო სივრცეს, სადაც ჩვენ 40 000 მ2 გვაქვს და ცალკე ინდივიდუალური მაღაზიებია. ჩვენთან 40 მ2-ზე 1 ადამიანია გათვალისწინებული. ამასთან, უფასოდ მიეწოდებათ ნიღბები და სადეზინფეციო ხსნარები. გვაქვს მომხმარებლის შემოწმების ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც პირბადის კონტროლს ახდენს და კარს არ აღებს თუ პირს პირბადე არ უკეთია. ხდება, ასევე, ტერიტორიის დეზინფიცირება. შრომის ინსპექტირების ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ უსაფრთხოების ზომები ჩვენთან სამაგალითო იყო. შეხვედრის შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ გაგვხსნიდნენ, მაგრამ ვინაიდან ბაზრობის სტატუსი გვაქვს, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება ჩვენზე არ გავრცელდა, თუმცა ჩემთვის გაუგებარია იგივე შეზღუდვები როგორც ვრცელდება მოლებზე“, - განაცხადა „საბას“ დირექტორმა.

პაატა კაჭარავას თქმით, წლიური გაყიდვებიდან 40% სწორედ ნოემბერ-დეკემბერზე მოდის და სავაჭრო ცენტრში, რომელსაც ბაზრობის სტატუსი აქვს, 1 000-მდე ადამიანია დასაქმებული.

„ჩვენს მეიჯარეებს უამრავი საქონელი აქვთ შემოტანილი და დღესაც ეზიდებიან საქონელს; ამ ხალხს კრედიტები აქვთ აღებული, მათ ჰყავთ შვილები, რომლებიც სწავლობენ უნივერსიტეტებში და სწავლის გადასახადიც გადასახდელი აქვთ. ევროპულ ქვეყნებში თუ გააჩერა მთავრობამ ბიზნესი, იქ დროებით უმუშევრად დარჩენილებზე სერიოზული დახმარებები გასცა. ეს დღეები ჩვენს მოიჯარეებს საახალწლო საჩუქრები შემოჰქონდათ იმ იმედით, რომ გავიხსნებოდით და ამის რეალიზაციას მოახდენდნენ. ამ თანხებს ვინ აუნაზღაურებს მათ?! ვთქვათ, ადრე თუ გვიან გახსნიან ყველაფერს და ავეჯი გაიყიდება, მაგრამ საახალწლო ნივთების რეალიზაციის დრო ხომ ახლაა?! მე შეიძლება რამდენიმე წელი გავძლო უმუშევრად, მაგრამ ვინც ამ ბაზრობებზეა დასაქმებული, ისინი ამ პერიოდის განმავლობაში როგორ გაძლებენ“, - აღნიშნა პაატა კაჭარავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები