"ვითიბი ბანკ ჯორჯია" გადახდისუნარიანია და მეანაბრეების ინტერესები დაცული", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც მარეგულირებელი აშშ-ის მიერ რუსული კომპანიებისთვის, მათ შორის ბანკებისთვის დაანონსებულ სანქციებს ეხმაურება.
bm.ge სებ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის "ვითიბი ბანკის“ ჯგუფს და მის წევრ სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქციები დაუწესა. აღნიშნული, აქამდე დაწესებულ სანქციებთან ერთად, გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება.
პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული.
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციების პაკეტში საუბარია ბიზნესის დოლარსა და ევროში კეთების შეზღუდვაზე, ასევე რუსული ბანკების აქტივების გაყინვასა და რუსეთისთვის მაღალი ტექნოლოგიური საქონლის მიწოდების აკრძალვაზე. აშშ-ის ხაზინის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დღეს გამოცხადებული სანქციების დეტალური აღწერა, დოკუმენტის მიხედვით, სანქცია შეეხება საქართველოში რუსეთის სახელმწიფო ბანკის VTB-ის შვილობილსაც "ვითიბი ბანკ საქართველოს", რომელსაც აშშ-ის საფინანსო სისტემის გავლით ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის შესულება აეკრძალება. ასევე უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიაზე VTB-ის და მისი შვილობილი ორგანიზაციების კუთვნილი სახსრები დაიბლოკება.

























