12 ოქტომბერს თბილისის მერიამ ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. შესრულებული სამუშაოები გუშინვე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.
“რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა,”- ნათქვამია მერიის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთლიანად ვაკის პარკის განახლების პროექტი 33 მილიონი ლარი ჯდება, საიდანაც 11.8 მილიონი ლარის ხელშეკრულება “გრინსერვისი+”-თან გაფორმდა. ამ თანხიდან 6.5 მილიონი ლარი კი კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა.
მერიის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული 1-ელი ტენდერი შეწყდა საჩივრის გამო, რომელიც სატენდერო კომიისიის მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადახედვას მოითხოვდა. მეორე ტენდერი კი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერი, რომელშიც კომპანია “გრინსერვისი+”-მა გაიმარჯვა, 2021 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მასთან კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა.
2022 წლის აგვისტოში შადრევნის და კასკადის ელექტროგაყვანილობის სამუშაოებზე მერიის მიერ შესაბამისი სერტიფიკატი გაიცა.
დღეს ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასული სამი მოზარდი დენის დარტყმის შედეგად დაზიანდა. დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგო, კლინიკაში გარდაიცვალა.