PwC-ისა და ინვესტორთა საბჭოს მიერ კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით ბიზნეს კვლევა ჩატარდა, რომელიც ამ დრომდე მედიისთვის ხელმისაწვდომი არ არის. კვლევასთან დაკავშირებით დღეს პრესრელიზი ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა, სადაც შედეგებს მინისტრი აფასებდა. დამატებითი კითხვები კვლევის დეტალებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც დაუსვეს.
ნათია თურნავას მტკიცებით, PWC-ის კვლევაში ნათქვამია, რომ კერძო სექტორს კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდისგან განსხვავებით პანდემიის მეორე ტალღის დროს უფრო პოზიტიური მოლოდინები აქვს.
„ერთ-ერთი მიმართულება რაშიც ინვესტორთა საბჭო პანდემიისას გვეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კვლევების ჩატარებაა, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. ამისთვის მათ დიდი ოთხეულიდან აყვანილი ჰყავთ PWC.
პირველი კვლევა, რომელიც პანდემიის დასაწყისში ჩატარდა უფრო პესიმისტური იყო, იმიტომ რომ არავინ იცოდა, რა პერსპექტივებია პანდემიის დაძლევასთან დაკავშირებით და რას მოიმოქმედებდა მთავრობა მისი დაძლევისთვის. ახლანდელი კვლევა აჩვენებს დიდ პოზიტივს. ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მოლოდინები, რომ დაიკეტებოდნენ და უმუშევრობა ჯერადობით გაიზრდებოდა არ გამართლდა იმ დოზით, რა მოლოდინიც ჰქონდათ. ეს კარგია ემზადებოდნენ უარესისთვის, მაგრამ სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის, ჩვენი ანტი-პანდემიური ღონისძიებების წყალობით, ასევე საერთაშორისო დონორების დახმარების და ზოგადად იმის წყალობით, რომ გაჩნდა ინფორმაცია ვაქცინასთან დაკავშირებით, რეგიონშიც კონფლიქტებთან დაკავშირებული ვითარება მეტნაკლებად დასტაბილურდა, მათი მოლოდინი გაუმჯობესდა, აგრძელებენ მუშაობას, აქვთ პრობლემები - საბრუნავ სახსრებთან თუ სხვა მიმართულებით, მაგრამ ახლა ბიზნესიც გრძნობს, რომ ეს პრობლემები დაძლევადია. ამას აჩვენებს კვლევა და ეს ჩვენს ინფორმაციასთან სრულ შესაბამისობაშია“, - განმარტა მინისტრმა.
























