მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია სამუშაო ძალის დეფიციტი? - აკაკია ცომაია მიზეზებსა და გამოსავალზე

62dd942472643
თამთა ჯიჯავაძე
25.07.22 00:15
4708
ბოლო პერიოდში ბიზნესი, განსაკუთრებით კი ჰორეკა სექტორი, კადრების დეფიციტზე ხშირად საუბრობს. აღნიშნულ საკითხს ეკონომისტი აკაკი ცომაია გამოეხმაურა. მან შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელი განმარტება და მოსაზრება გამოაქვეყნა.როგორც ეკონომისტი აცხადებს, იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტს უჩივიან, ხელფასების მომატებაა მოსალოდნელი.

"როდესაც ვსაუბრობთ სამუშაო ძალის დეფიციტზე, პირველ რიგში, პრობლემას უნდა შევხედოთ თავისუფალი ბაზრის კანონების მიხედვით. არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ქართველი ერი ზარმაცია, გაუნათლებელი და არაკვალიფიციური, მეცნიერული ახსნა არა აქვს. ზოგადად, დეფიციტს წარმოქმნის გარემოება, რომელშიც რაღაც ძალები მოთხოვნას აძლევს რესურსში, საქონელსა თუ სერვისში დაბალი ფასის გადახდის შესაძლებლობას საბაზრო ფასთან შედარებით. ეს შეიძლება იყოს რაიმე კანონი ან რეგულაცია. მაგალითად, ფასის ზედა ზღვარი. თუ ასეთი გარემოებები არ გვაქვს, ბაზრის კანონი უნდა აღსრულდეს. ამიტომ, იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს. ეს დროის საკითხია. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ხელფასების თეორია. სხვა სიტყვებით, დროებითი ფრიქციაა", - აღნიშნავს ეკონომისტი.

მისივე განმარტებით, არსებულ ვითარებას ორი ფაქტორი განაპირობებს. ესენია სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა და სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება.

"ზოგადად, პირველი [ფაქტორი] დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდის ტემპზე, ხოლო ეს უკანასკნელი მეტი საქონლის ან მომსახურების შექმნაზე, რომელიც მიიღწევა მეტი რესურსის (სამუშაო ძალა და კაპიტალი) გამოყენებით ან/და პროდუქტიულობის გაუმჯობესებით. აქ ვგულისხმობ პოტენციურ (ან ბუნებრივ) და არა ფაქტობრივ ზრდას. მთლიანობაში ეს ორი რამ ერთმანეთს უნდა დაემთხვეს მას შემდეგ, როდესაც ფასები მიაღწევს შესაბამის ნიშნულს. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ფასების თეორია. ესეც დროებითი ფიქციაა. თუმცა, ემპირიული დაკვირვებებით, დროის პერიოდი მოიცავს რამდენიმე კვარტალს და ზოგჯერ, ერთ წელსაც აღემატება. ხისტი ხელფასების კორექციის პროცესი კი შედარებით სწრაფად ხორციელდება.

აკადემიურ ენაზე, ბაზრის კანონი უნდა აღსრულდეს და ეს ხდება მაშინ, როდესაც ფაქტობრივი და მოსალოდნელი ინფლაცია ერთმანეთს გაუტოლდება. მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: საგარეო მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ ბიზნესმა უნდა მოიზიდოს მეტი სამუშაო ძალა. თუმცა, თუ იმავე ხელფასად ის ამას ვერ ახერხებს, აქვს კიდევ ორი გზა: გაზარდოს პროდუქტიულობა ან/და ხელფასები. თუ პირველი არ გამოდის, რჩება მეორე. იმავე პროდუქტიულობაზე, ხელფასების ზრდას მოჰყვება ფასების ზრდა, რაც განაპირობებს შესაბამის დარგებში მოთხოვნის შემცირებას და ფაქტობრივი GDP უბრუნდება მის დომეინს - პოტენციურს (ან ბუნებრივს)", - აღნიშნავს აკაკი ცომაია.

ის ასევე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, თუ რა სიდიდით უნდა გაზარდოს ბიზნესმა ხელფასები:

"ამ კითხვას პასუხობს სამუშაო ძალის მიწოდების ელასტიურობის მიმდინარე მდგომარეობა ხელფასის მიმართ. რა უფრო არარეალისტურია, მით უფრო მეტად მოუწევს. სამუშაო ძალის კვალიფიკაციის გარდა, ელასტიურობის სიდიდეზე გავლენას ახდენს ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ამიტომ, არგუმენტი, რომ მიმტანის კვალიფიკაციას მაღალი ანაზღაურება არ შეესაბამება, უსაფუძვლოა. ნობელის პრემიის მფლობელი, ცნობილი ქირურგი და სხვ., ხომ კვალიფიციურები არიან? მაგრამ მათი შემოსავალი ახლოსაც ვერ მოვა ჰოლივუდის ვარსკვლავის ან ცნობილი ფეხბურთელის შემოსავალთან. ბაზრის კანონები ასე არ მუშაობს. კვალიფიკაცია ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი მრავალს შორის. ასე რომ, გარკვეულ ვითარებაში (ცხადია თეორიულად) მიმტანისთვისაც შეიძლება ბიზნესს მოუწიოს ასტრონომიული ხელფასის გადახდა. ახლა დავასახელოთ რამდენიმე "წონიანი" მიზეზი იმ მრავალს შორის:

1. გლობალიზაციამ და ტექნიკურმა პროგრესმა ტრადიციული არავაჭრობადი (none-trading) რესურსი გახადა ვაჭრობადი. არავაჭრობად საქონელზე ერთი ფასის კანონი ვერ გავრცელდება. სხვა სიტყვებით, ქვეყნებს შორის ვერ ხერხდება საქონლის, მომსახურების თუ რესურსის გაცვლა, ხოლო სამუშაო ძალა ერთ-ერთია მათ შორის. ამიტომ, ფასიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და გლობალური კონკურენციის მექანიზმი არ მოქმედებს. ვაჭრობად საქონელზე ასე, თუ ისე, ვრცელდება ერთი ფასის კანონი. ასე თუ ისე, რადგან პრობლემას ქმნის ტრანსპორტირების (მანძილი), თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობისა და საგადასახადო სისტემის თემა. დღეს, პირობითი ნინო თუ გიორგი, რომელიც გარკვეულ დონეზე ფლობს საკომუნიკაციო ენებს, ზესტაფონიდან ახორციელებს პიცის მიწოდების სერვისს აშშ-ის ოჰაიოს შტატის ერთი მისამართიდან მეორე მისამართზე. დღეს, საზღვარგარეთ სწავლისა და დასაქმების ბევრად მეტი შესაძლებლობებია, ვიდრე ეს იყო ჩემს სტუდენტურ წლებში. გლობალური კონკურენცია გლობალური გამოწვევაა და ბიზნესს მოუწევს ამისთვის თვალის გასწორება. ხელფასებს შორის ღრმულის შემცირების ტრენდი სახეზეა.

2. არასახელფასო შემოსავალი - რა არის ის მინიმალური დასაშვები ხელფასი, რომელზეც ადამიანი მზადაა რომ იმუშაოს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია შემოსავლის სიდიდე, რომელსაც ადამიანი გამოიმუშავებს არა მუშაობის შედეგად, არამედ იღებს საკუთრების ფლობიდან, სახელმწიფო შემწეობიდან და სხვა წყაროებიდან. რაც უფრო მაღალია არასამუშაო შემოსავალი, მით უფრო მაღალია ის მინიმალური ხელფასი, რომელზეც თანახმაა რომ დასაქმდეს. ორი ძირითადი ფაქტორი გვაქვს: ფულადი გზავნილები მზარდია და სოციალური დაცვის არსებული მექანიზმი დიდი პრობლემა. კი, მთავრობა (მთავრობები) არის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ამ პრობლემის წარმოქმნაში. სისტემის ნაკლში დამატებით ვგულისხმობ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც ემსახურება სოციალურად დაუცველების სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებასაც. სამუშაო ძალის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, სამუშაო ძალის მონაწილეობის კოეფიციენტი 50%-ის ფარგლებშია. ეს ძალზე დაბალი მაჩვენებელია", - განმარტავს აკაკი ცომაია.

"კადრების დეფიციტი რომ არა, წელს მინიმუმ 300 ადამიანის დასაქმება შეგვეძლო" - "იმპექსი"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები