მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაგვიანდა და როდის გაიხსნება შალაურში სასტუმრო "ქვევრი"

5ebd34799a56a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.20 09:20
5850
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში კომპანია „ქვევრები“ საინტერესო დიზაინის სასტუმრო „ქვევრს“ აშენებს. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ ლარია.

სასტუმრო 2019 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა როგორც ირკვევა, სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ 2020 წლის იანვარში დაიწყო.



როგორც BM.GE-ისთან კომპანია „ქვევრების“ თანადამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, გეგმები ბანკიდან სესხის აღების პროცედურების გახანგრძლივებამ შეაცვლევინათ, თუმცა ახლა სასტუმროს მშენებლობა შეუჩერებლად მიმდინარეობს.

„ბანკთან მოლაპარაკებების პროცესმა გააჭინაურა პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, ჩვენ ავიღეთ 2 მლნ ლარის სესხი, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის - „უმასპინძლე საქართველოში“ პროცენტის თანადაფინანსებით არის უზრუნველყოფილი. იანვარში დაგვიმტკიცდა სესხი და ამის შემდეგ დავიწყეთ პროექტის განხორციელება. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ ლარია, საიდანაც 1 მლნ ლარი ჩვენი ინვესტიცია ჩავდეთ“, - აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.

სასტუმროს იდეის ავტორები უნიკალური სასტუმროს გახსნას წლის ბოლოს გეგმავენ.

„სასტუმროს გახსნას მიმდინარე წლის ბოლოს ბოლოს ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ შეგვიწყობს ხელს. ჩვენ, პანდემიიდან გამომდინარე, მხოლოდ რეგულაციების გამკაცრების პერიოდში გავჩერდით და როგორც კი აღდგა სამშენებლო სამუშაოები, მაშინვე აღვადგინეთ მშენებლობის პროცესი. თვის ბოლოსთვის დასრულდება სასტუმროს ძირითადი შენობის შავი კარკასის მშნებლობა. ქვევრები პარალელურად იდგმევა და 4 ქვევრია უკვე ჩადგმული“, - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.



მისივე თქმით, გახსნის შემდეგ სასტუმროში 20-მდე ადამიანი დასაქმდება.

„პროექტით გათვალისწინებულია 20 ქვევრის ნომერი, ძირითად შენობაში იქნება 9 ნომერი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ბარი, აუზი, მარანი და სხვა მომსახურებები. ვინაიდან თითოეულ ქვევრ-ოთახს ექნება ღვინის დასახელება, სასტუმროს გვერდზე გაშენდება ვენახი.

ამ ეტაპზე მშნებლობაზე, დაახლოებით, 12 ადამიანია დასაქმებული და შემდგომ უკვე სასტუმროში 20 ადამიანამდე დასაქმდება. ეს იქნება მაღალ სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო“, - უთხრა BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები