რეგიონში პირველი “აუთლეტ სოფელი”, რომელიც ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა, 2023 წელს გაიხსნება.
როგორც bm.ge-ს “ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, აუთლეტის გახსნა მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა, თუმცა ომის გამო მსოფლიოში გართულებულმა ლოგისტიკამ პროცესები გარკვეულწილად დროში შეაფერხა.
“აუთლეტ სოფლის“ გახსნა მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამო გადაიდო, ლოგისტიკური პრობლემები შეგვექმნა. მინდა აღვნიშნო, რომ “დომუს ჯგუფი”, რომელიც პროექტის მთავარი ინვესტორია, თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს - დუბაიდან მზა რკინის კონსტრუქციები ჩამოგვაქვს. გართულებული ლოგისტიკის გამო კი, მომწოდებლებმა ვერ შეძლეს დროულად მოწოდება; პროცესი, დაახლოებით, 6 თვე გაიწელა, თუმცა მიუხედავად ამისა, “დომუს ჯგუფის” ამ მიგნებით, დროს მაინც ვიგებთ და მშენებლობის პროცესი შედარებით მარტივი და სწრაფი იქნება. ამ დროისთვის მშენებლობის პირველი ფაზისთვის საჭირო კონსტრუქციის 70% უკვე აქ გვაქვს, დარჩენილი 30% კი გზაშია“, - განმარტა გუგა ცანავამ.
რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, მისი თქმით, თავდაპირველად პროექტში 70 მლნ ლარის ინვესტირება იგეგმებოდა, თუმცა გლობალური ინფლაციის გამო, რაც სამშენებლო მასალების ფასებზეც მკვეთრად აისახა, მშენებლობის პირველივე ეტაპი 10 მლნ ლარით გაუძვირდათ და, სავარაუდოდ, პროექტის საბოლოო ღირებულება 100 მლნ ლარს მიაღწევს.
ამასთან, “ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა BM.GE-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, საერთაშორიო ბრენდების მიერ დაინტერესება ძალიან მაღალია და ამ დროისთვის უკვე ბრენდების 60% დაკონტრაქტებულია.
„ამ დროის განმავლობაში ბრენდებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. სასიხარულოა, რომ ის ბრენდებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის, რომლებსაც ადრე უარი ჰქონდათ ნათქვამი - მიზეზი რუსეთ-უკრიანის ბაზრის დაკარგვაა, რის გამოც საქართველოს ბაზარზე შემოსვლის მზაობას აქტიურად გამოხატავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ აუთლეტ ბრენდი ისე ვერ შემოვა, თუ მას ქვეყანაში მაღაზია არ აქვს. ზოგიერთ ბრენდთან სწორედ იმიტომ ვერ ვკონტრაქტდებით, რომ საქართველოში მაღაზიების გასახსნელად ადგილს ვეღარ პოულობენ, რადგან მოთხოვნა გაზრდილია.
მიუხედავად ყველაფრისა, ჯამში, ბრენდების 60%-თან კონტრაქტი უკვე გაფორმებული გვაქვს - ესაა დაახლოებით, 47 ბრენდი ცხრა კატეგორიაში“, - აღნიშნა გუგა ცანავამ.
“აუთლეტ სოფლის“ პროექტში ინვესტორებმა 3 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელეს.