მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება? - 2022 წლის ბიუჯეტი იცვლება

631f1670236f7
შოთა ტყეშელაშვილი
12.09.22 15:29
5003
2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, შესაბამისი პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 1.2 მილიარდი ლარით იზრდება, რაც შესაბამისად გაზრდილ სამთავრობო ხარჯებს დააფინანსებს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დეტალურად წარადგინა, თუ რომელ სამინისტროს რამდენად ეზრდება დაფინანსება.

2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი - ფინანსთა მინისტრის განცხადება:

• მიმდინარე წელს სოცდაუცველი ბავშვების დახმარება 1 ივნისიდან გაიზარდა 50 ლარით და გახდა 150 ლარი თვეში. ამის ასახვა ხდება ბიუჯეტში და გამოიყოფა 86 მილიონი ლარი;
• საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა დავიწყეთ, რისთვისაც გამოიყოფა 40 მილიონი ლარი;
• ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა კიდევ 80 მილიონი ლარი. მათ შორის არის კოვიდის მკურნალობისთვის დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება 45 მილიონი ლარით;
• ასევე ახალი პროგრამისთვის, რომელიც ითვალისწინებს მცირემიწიან ფერმერთა ვაუჩერებით დახმარებას და ეს პროგრამა დაანონსდა რამდენიმე თვის წინ, ამისთვის გამოიყოფა დამატებით 40 მილიონი ლარი;
• რთველის დაფინანსებას დაემატება 40 მილიონი ლარი;
• სოფლის მეურნეობის სხვა პროგრამებს დაემატება 70 მილიონი ლარი, მათ შორის 55 შეღავათიან აგროკრედიტზე დაიხარჯება;
• თავდაცვის სამინისტროსთვის გამოიყოფა 80 მილიონი ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცთა ბინების მშენებლობა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა;
• ასევე ვიწყებთ პოლიციის ქალაქის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც 1,100-ზე მეტი ბინის მშენებლობა იგეგმება. ასევე სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი;
• სპორტის ხელშეწყობისთვის გამოიყოფა დამატებით 43 მლნ ლარი და ეს არის ძირითადად ჯილდოები;
• თბილისში ახალი ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიზნით შესაბამისი ტრანსფერი იზრდება 65 მილიონი ლარით;
• რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს ემატება 130 მილიონი ლარი;
• ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80 მილიონი ლარით, რაც მოხმარდება 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი ფეხბურთის 21 წლამდელთა ჩემპიონატის სამზადისს, სტადიონების მშენებლობას და რეაბილიტაციას.

ბიუჯეტის განახლებული ვერსიის ზუსტი პარამეტრები ხვალ გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები