მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმა - სად ვართ და რა იცვლება?

63c17ca6ba3d1
თელარა გელანტია
13.01.23 21:49
680
საჯარო ინვესტიციების ეფექტიანობის გაზრდა - ეს არის მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იმისთვის, რომ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი რეალური კერძო ინვესტიციებისთვისაც მიმზიდველი გახდეს. მსოფლიო ბანკის შეფასებით (2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკის პროგნოზი) პანდემიამ და ომმა არა მხოლოდ კერძო, არამედ საჯარო ინვესტიციების ზრდის ტემპიც შეანელა, ამიტომ მოთხოვნა ეფექტიანობაზე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

რა პოლიტიკა აქვს ან ექნება საქართველოს ამ მიმართულებით - ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხების მიღებას BMG შეეცადა.

ოფიციალური განმარტებით, თუ პროექტი ფინანსდება ბიუჯეტიდან და მისი საპროექტო ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება, ის საინვესტიციო პროექტად ითვლება. საქართველოს საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი და მეთოდოლოგია აქვს და ის სწორედ 5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობის წინასწარ შეფასებას გულისხმობს, თუმცა პრაქტიკაში ჯერჯერობით, სრულად დანერგილი არაა.

რაც შეეხება გეგმებს, როგორც BMG-სთვის გახდა ცნობილი და პრაქტიკულად, ფინანსთა მინისტრმაც დაგვიდასტურა, უახლოეს მომავალში განახლდება საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია და ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება ის, რომ არსებული 5-მილიონიანი ზღვარი გაიზრდება 20 მილიონამდე და შესაბამისად, 20 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროექტების ეფექტიანობა წინასწარ განისაზღვრება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაწესდება გარკვეული ზღვარი (₾20 მლნ). ეტაპობრივად ეს ზღვარიც შემცირდება ანუ უფრო მცირე პროექტების შეფასებაც მოხდება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ინვესტიციებზე, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, წინასწარ გვქონდეს მოლოდინები, თუ რა შედეგები უნდა მივიღოთ ამა თუ იმ პროექტის განხორციელების შემდეგ“, - განმარტა bm.ge-სთან ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა სამინისტროში BMG-ს უთხრეს, რომ საინვესტიციო პროექტების მართვის გადამუშავებულ მეთოდოლოგიას მთავრობის სხდომაზე უახლოეს მომავალში გაიტანენ და სავარაუდოდ, ლაშა ხუციშვილის უწყება ახსნის, რატომ იზრდება 20 მილიონამდე იმ საინვესტიციო პროექტების ზღვარი, რომელთა ეფექტიანობის შეფასების ვალდებულება ექნება მთავრობას, ვიდრე მათზე გადასახადების გადამხდელების ფულის დახარჯვას დააპირებს. იგივე კითხვა აქვს IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს. მიხეილ კუკავას შეფასებით, ამ ზღვარის 5-დან 20 მილიონამდე გაზრდა ქვეყნისთვის კარგი არაა.

„20 მლნ ლარამდე ამ ზღვარის გაზრდა ნამდვილად არ არის კარგი. არსებული მეთოდოლოგიით, ამჟამად მოქმედი 5-მილიონიანი ზღვარი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროექტების მაქსიმალური რაოდენობა შეფასდეს. ამ ჭერის 20 მილიონამდე გაზრდა კი ნიშნავს იმას, რომ გაცილებით მეტი პროექტი აღმოგვიჩნდება ამ ზღვარის დაბლა, ვიდრე - მანამდე ანუ მთელი რიგი საინვესტიციო პროექტების შეფასება არ გაკეთდება. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ამდენად, ვფიქრობ, ₾5-მილიონიანი ზღვარი ძალაში უნდა დარჩეს“, - აცხადებს მიხეილ კუკავა.

გარდა ამ შენიშვნისა, IDFI-ს ანალიტიკოსს კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია აქვს: პირველი - უფრო სრულყოფილი გახდეს ინფორმაცია იმ პროექტების ხარჯთსარგებლიანობის შესახებ, რომელთაც საინვესტიციო პროექტის სტატუსი აქვთ ან ექნებათ; ასევე, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობა გაზომონ არა ფინანსთა სამინისტრომ, არამედ გამოცდილმა, სპეციალიზებულმა ორგანიზაციებმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რაში იხარჯება გადასახადების გადამხდელების ფული და ღირს თუ არა ამა თუ იმ პროექტის განხორციელება, იქნებ სხვა რაიმე უკეთესი გავაკეთოთ. საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიაც სწორედ ამ კითხვებზე პასუხს ითვალისწინებს - დავაფინანსოთ A პროექტი თუ - B პროექტი. ასევე ძალიან საინტერესოა, რამდენ პროექტზე თქვა უარი მთავრობამ ამ მეთოდოლოგიით შეფასების შემდეგ. თუ ყველა პროექტისთვის კეთდება შეფასება და ჩვენ არცერთ პროექტზე არ ვამბობთ უარს, მეთოდოლოგია აზრს კარგავს. როგორ შეიძლება ყველა პროექტი მაღალი ხარჯთსარგებლიანობის იყოს?!“, - აღნიშნა მიხეილ კუკავამ.



ცნობისთვის: 2023 წელს კაპიტალური პროექტების დაფინანსებისთვის საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში 6 მილიარდ 100 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 8,1%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები