მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იან მატებაზე 177 მლნ ლარი დაიხარჯება

61891de1caa63
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.21 23:00
3616
მთავრობა ათიათასობით საჯარო მოხელეს ანაზღაურებას უზრდის - ამის შესახებ 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, საჯარო მოხელეთა საბაზო სახელფასო სარგო რაც 2017 წლიდან მოყოლებული 1000 ლარით განისაზღვრება, 2022 წლიდან მინიმუმ 1100 ლარამდე გაიზრდება.

"საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების დაახლოებით 10%-ით გაზრდა. მატება შეეხება ყველა მიმართულებით მომუშავე მოხელეებს.

ასევე მატება შეეხება ჯარს, პოლიციას, სკოლებს და სხვა მიმართულებებს,"- აცხადებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

კანონის მიხედვით, საბაზისო თანამდებობრივი სარგო არის საწყისი წერტილი, რომლითაც საჯარო სამსახურში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირის ხელფასი განისაზღვრება. უწყებებს თავიანთი განაწესის მიხედვით განსაზღვრული აქვთ კოეფიციენტები, რომლებზეც საბაზისო სარგო მრავლდება. შესაბამისად, საბაზისო სარგოს 100 ლარით მატება ხელფასის 100 ლარით გაზრდას ნიშნავს უშუალოდ საბაზისო ხელფასის მქონე მოხელეებისთვის, ხოლო 100 ლარზე მაღალ მატებას იმ მოხელეებისთვის, რომლებსაც უფრო მაღალი კოეფიციენტები (კლასები) აქვთ მინიჭებული. მთლიანობაში საჯარო მოხელეთა ანაზღაურების შესახებ კანონით მოხელეთა 12 კლასი არის განსაზღვრული და თითოეულ “კლასზე” განსხვავებული კოეფიციენტების დანამატი მოქმედებს.

მთლიანობაში 2022 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსიით მთავრობის სახელფასო ფონდი წელს 177 მილიონი ლარით, 1.83 მილიარდ ლარამდე იზრდება.

2022 წლის ბიუჯეტის თანახმად, ასიგნებების მხარჯავ უწყებებში 112,752 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა ხელფასებიც 1,830,644,800 ლარს შეადგენს. ეს ერთ დასაქმებულზე წელიწადში 16,236 ლარის ხელფასს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში 1353 ლარის ხელფასს ნიშნავს. 2021 წლის განმავლობაში ასიგნებების მხარჯავ უწყებებში დასაქმებულ 112,605 ადამიანს ხელფასის სახით 1,636,871,100 ლარი მიეცემა, რაც ერთ დასაქმებულზე თვეში 1211 ლარის ხელფასს ნიშნავს. შესაბამისად, საბაზისო ანაზღაურების ზრდა ერთი საშუალო დასაქმებულის ხელფასს თვეში 130 ლარით ზრდის.

საჯარო მოხელეთა ხელფასების საკითხი იყო ერთ-ერთი, რაზეც ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვის დროს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე წელია, საჯარო მოხელეთა ხელფასები ერთ დონეზე იყო გაყინული.

“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 2017 წელს განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით და მას შემდეგ არ შეცვლილა. წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1000 ლარის ნაცვლად განსაზღვრულია 1100 ლარის ოდენობით,” - ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები