როგორ არ მოვხვდეთ "შავ სიაში" და რა ფუნქცია აქვს "კრედიტ ინფოს"? - ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ ყოველკვირეულ რუბრიკაში “საქმიან დილაში” ისაუბრა.
“კრედიტ ინფო" საკრედიტო ბიუროა, რომელიც მონაცემებს მსესხებლის და სესხების შესახებ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან აგროვებს, ხოლო შემდგომ სხვა ორგანიზაციებს უზიარებს. ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ მსესხებლის შეფასება დაჩქარდეს. ის, რომ დღეს სესხის აღება 15 წუთში შეგვიძლია, ეს საკრედიტო ბიუროს დამსახურებაა. ჩვენი სესხების შესახებ ორნაირი ჩანაწერი არსებობს, პოზიტიური და ნეგატიური.
ჩვენი საკრედიტო ისტორიის ნახვა ბანკის წარმომადგენელთან ერთად ჩვენც შეგვიძლია. ჩანაწერებს ხანდაზმულობა აქვს. ნეგატიური ჩანაწერის დაფარვის შემდგომ, ის ბაზიდან 5 წელში იშლება, ხოლო პოზიტიური 7 წელში. თუ ჩვენ ნეგატიური ჩანაწერი გვქონდა, ბანკის დარწმუნებისთვის კარგი იქნება რომ შემდგომში მცირე ოდენობის სესხი ავიღოთ და ბანკი ჩვენს კეთილსინდისიერებაში დავარწმუნოთ, ხოლო მისი დაფარვის შემთხვევაში დიდ სესხზეც ვიფიქროთ.” - განმარტა გიორგი კეპულაძემ.
კეპულაძის თქმითვე, ამჟამად საფინანსო სექტორში დაახლოებით 1 მლნ 800 ათასი მსესხებელია.
“ყველა სესხის შესახებ ისტორია არსებობს, თუ მისი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. მითია ის, რომ ვისაც სესხი არასდროს არ ჰქონია, მას შესაძლოა სესხის აღებაზე პრობლემა შეექმნას, რადგან მას თუ სტაბილური შემოსავალი აქვს, ბანკი სესხს გასცემს.
ბანკი მსესხებლის რეიტინგს ყურადღებას აქცევენ. თუ მაღალი შეფასება აქვს, სესხს უფრო სწრაფად აძლევენ, ხოლო თუ დაბალი რეიტინგი აქვს, მაშინ რისკიანობის შეფასებისას შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეიქმნას და არ არის გამორიცხული დაბალი შეფასების შემთხვევაში სესხი არც დაუმტკიცდეს.” - აღნიშნა კეპულაძემ.
ცნობისთვის: სექტემბერში გამართული ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შემდეგ გამართული პრესკონფერენციისას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ უმოქმედო სესხების წილი მთლიან პორტფელში 6.4%-ს შეადგენს. სებ-ის პროგნოზით, უმოქმედო სესხების წილი მარტისთვის 10%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, თუმცა მარტის შემდეგ ამ ტიპის სესხების მოცულობა შემცირდა. პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკში სესხების ხარისხის გაუმჯობესებას ელიან, თუმცა არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უმოქმედო სესხების წილის ზრდას არ გამორიცხავენ.