მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები - მიმოხილვა

5e6e283b772a8
ეგნატე შამუგია
17.03.20 09:45
9749
სავაჭრო პროტექციონიზმი საერთაშორისო ვაჭრობაში შეზღუდვების არსებობას გულისხმობს, როცა ამ ტიპის სავაჭრო პოლიტიკის მქონე ქვეყანა სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ისეთი საშუალებები ზღუდავს და ბეგრავს, როგორიცაა: საბაჟო გადასახადები, სასაქონლო კვოტები და წარმოების სტანდარტები (ტექნიკური ბარიერი). ხოლო, ექსპორტს, პირიქით, ასუბსიდირებს. ასეთი პოლიტიკის გაცხადებული მიზანი კეთილშობილური - ადგილობრივი წარმოების დაცვა, მაგრამ ამ გვარი პოლიტიკა ადგილობრივი მომხმარებლებისთვის უარყოფითი შედეგის მომტანია. კერძოდ, სავაჭრო პროტექციონიზმის პირობებში მცირდება კონკურენცია და არჩევანის შესაძლებლობა, რაც საქონელი და მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახება; ადგილობრივი მომხმარებლებისთვის პროდუქციის ფასები იზრდება; იქმნება არასამართლიანი გარემო, რადგან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებისას მთავრობა დიდ ბიზნესებს და ეკონომიკის ცალკეულ სექტორებს ანიჭებს უპირატესობას. საერთო ჯამში, პროტექციონიზმი ადგილობრივი მომხმარებელისთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ამგვარ პოლიტიკას ბენეფიტი არა მთლიანად მოსახლეობისთვის, არამედ ცალკეული სექტორებისა და ამ სექტორებში მოქმედი მსხვილი ბიზნესისთვის გააჩნია.

პროტექციონიზმის საპირისპირო კონცეფცია თავისუფალი ვაჭრობაა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში ბარიერების არარსებობას გულისხმობს. თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნებს შორის საქონლი და მომსახურების გაცვლის ლიბერალიზაციისკენაა მიმართული, რაც ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკის განვითარებას, წარმოების ეფექტიანობასა და პროდუქტიულობის ზრდას. აღნიშნული პროტექციონიზმის საპირისპიროდ, სარგებელი მომხმარებლისთვის გააჩნია, რადგან ზრდის კონკურენციას და არჩევანის შესაძლებლობებს. შედეგად, ამცირებს საქონელი და მომსახურების ფასს.



ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო ვაჭრობას ლიბერალიზაციის ტენდენცია ახასიათებს, რაც უპირველესად, საბაჟო ტარიფების შემცირებაში გამოიხატება. აღნიშნული კი ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 2018 წელს, მსოფლიო მასშტაბით, საბაჟო გადასახადის/მოსაკრებლის საშუალო განაკვეთი 9.00%-ია, რაც 2006 წელთან შედარებით 1.16 პ.პ. -ითაა შემცირებული. განაკვეთის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი განვითარებულ ეკონომიკას გააჩნია, სადაც საშუალო განაკვეთი 1.30 პ.პ. -ით შემცირდა, ხოლო განვითარებადი ეკონომიკების შემთხვევაში კი - 1.12 პ.პ. -ით. თავის მხრივ, საბაჟო ტარიფების კუთხით განვითარებული ეკონომიკებში საერთაშორისო ვაჭრობა ბევრად უფრო ლიბერალიზებულია, ვიდრე განვითარებადში. კერძოდ, საბაჟო ტარიფის საშუალო განაკვეთებს შორის სხვაობა 4.10 პ.პ. -ია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტარიფების შემცირების პარალელურად იზრდება ტექნიკური ბარიერები. განსაკუთრებით ამ ტიპის ბარიერების ზრდის ტენდენცია ევროკავშირს ახასიათებს.



საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, რაც ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაში აისახება. ბოლო წლების საერთაშორისო ვაჭრობაში წამყვანი როლი მომსახურებამ დაიკავა. ეს კი დიდწილად ტექნოლოგიურ პროგრესს უკავშირდება. კერძოდ, 2005-2017 წლებში მომსახურებით ვაჭრობა უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე საქონლით. აღნიშნულ პერიოდში მომსახურებით ვაჭრობის ყოველწლიურმა ზრდამ საშუალოდ 5.40% შეადგინა, სადაც 10.00 პ.პ. -იანი წვლილი განვითარებად ეკონომიკებს გააჩნიათ. შესაბამისად, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ამ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კიდევ უფრო მეტად ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

საქართველო რეიტინგში

საქართველოც გლობალური ეკონომიკის ნაწილია, რომელსაც მცირე და საკმაოდ ღია ეკონომიკა გააჩნია. ამ უკანასკნელისკენ ნაბიჯი 2007 წლიდან გადაიდგა, როცა ქვეყნაში მნიშვნელოვანი საბაჟო და საგადასახადო რეფორმა გატარდა. კერძოდ, მთელი რიგი ტექნიკური ბარიერების გაუქმდა, ხოლო საბაჟო გადასახადის/მოსაკრებლის საშუალო განაკვეთი 7.00%-დან 1.40%-მდე შემცირდა.



აღნიშნული რეფორმების შემდეგ, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს/ეკონომიკურ ერთეულებს შორის, საბაჟო გადასახადის/მოსაკრებლის საშუალო განაკვეთის მიხედვით, საქართველო მე-6 ადგილზეა. 2007 წლამდე კი 35-ე ადგილს იკავებდა. ხოლო, პირველ ადგილზე ჰონკონგია, სადაც ამ სახის გადასახადი/მოსაკრებელი არ არსებობს. რეიტინგში აშშ-ს 3.45%-იანი განაკვეთით მე-11 ადგილი უჭირავს, ხოლო ევროკავშირს 5.23%-იანი მაჩვენებლით 25-ე ადგილი. თუმცა, ეს რეიტინგი მხოლოდ ტარიფების მიხედვითაა შედგენილი და შესაბამისად, მთლიანად არ ზომავს ამ თუ იმ ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციის დონეს, ვინაიდან თავისუფალი ვაჭრობა არამარტო ტარიფებს, არამედ სხვა ტიპის ბარიერების არარსებობასაც გულისხმობს (კვოტები, ტექნიკური ბარიერები და ა.შ. ).

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რამდენიმე მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმება გააჩნია, რაც უპირველეს ყოვლისა საბაჟო ტარიფების არარსებობს ან გამონაკლისებს გულისხმობს. სწორედ, აღნიშნული ტიპის შეთანხმებები უწყობს საქართველოს ექსპორტს ხელს და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდას. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებები საქართველოს დადებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, თურქეთი და ჩინეთი. ხოლო, მრავალმხრივი საერთაშორისო ვაჭრობის შეთანხმება გააჩნია: დსთ, სუამი, ევროკავშირი და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია.



წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები

ის ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს ორმხრივი თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულება გააჩნია, ძირითადი საექსპორტო ქვეყნების რიგებს იკავებენ. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 1996 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული შეთანხება საბაჟო ტარიფების არარსებობას გულისხმობს, სადაც მხარეები ვალდებულნი არიან ექსპორტ-იმპორტზე არ დააწესონ ისეთი გადასახადები/მოსაკრებლები და ტექნიკური ბარიერები, რაც აღემატება ადგილობრივი წარმოებაზე დაწესებულს.

გასული წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში 498.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის 13.24%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში ამოქმედდა საქართველოსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც აზერბაიჯანთან არსებული შეთანხმების მსგავს პირობებს ითვალისწინებს. თავის მხრივ, ისტორიულად უკრაინაც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორისაა. თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების და ტერიტორიის ანექსიის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რამაც საქართველოდან ექსპორტზე არსებითი გავლენ იქონია. შენელებული ტემპის შემდეგ, 2017 წლიდან მდგომარეობა გამოსწორდა და გასული წლის მონაცემებით უკრაინაში განხორცილებული ექსპორტის ღირებულება 244.7 მლნ აშშ დოლარია, რაც მთლიანი ექსპორტის 6.50%-ს იკავებს. აზერბაიჯანი და უკრაინის გარდა, ამავე პერიოდში ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები სომხეთთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, თურქმენეთთან და მოლდოვასთან დაიდო. ჩამოთვლილთაგან, სომხეთი საქართველოს ნომერ მე-3 საექსპორტო ქვეყანაა, სადაც 2019 წელს 412.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურების ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი მოცულობის 10.95%-ია. დანარჩენს ოთხ ქვეყანასთან კი - ჯამში მთლიანი ექსპორტის 5.99%, 225.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა.

შედარებით გვიან, 2008 წლიდან თურქეთ-საქართველოს შორის დადებული სავაჭრო შეთანხმება ამოქმედდა, რაც საბაჟო ტარიფების და კვოტების გაუქმებას გულისხმობს. ამდენად, აღნიშნული პერიოდიდან თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობა თავისუფალი რეჟიმის პირობებში მიმდინარეობს. შესაბამისად, თურქეთს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში. საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტი თურქეთიდან ხორციელდება, ხოლო ექსპორტის კუთხით, მე-7 ადგილს იკავებს. გასული წლის მონაცემებით, თურქეთში 202.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.



წყარო: საქსტატი; ავტორი გამოთვლები

ბოლო ათწლიან პერიოდში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველომ ორ უმსხვილეს ეკონომიკასთან გააფორმა. 2014 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ხოლო 2018 წელს კი - საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას. ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება საქართველოდან ექსპორტის საბაჟო ტარიფების გარეშე განხორცილებას გულისხმობს. თუმცა, ამავე ხელშეკრულებით საქართველო ვალდებულია წარმოების ის სტანდარტები დანერგოს, რაც ევროკავშირში არსებობს. საქართველოსთვის ეს ერთგვარი სავაჭრო ბარიერებია. კერძოდ, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერი (TBT) და სანიტარული და ფიტოსანიტარიული სტანდარტები (SPS), რაც საქართველოს ექსპორტისთვის არასატარიფო ბარიერს წარმოადგენს.

საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 2013-2015 წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, რამაც 2015 წელს ისტორიულად მაღალ ნიშნულს, 29.25%-ს მიაღწია. მომდევნო წლიდან კი ტენდენცია შეიცვალა. 2019 წლის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება გაიზრდა, მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 21.77%-მდე შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი დსთ-ს ქვეყნებთან და მათ შორის, რუსეთში ექსპორტის ზრდის უფრო მაღალ ტემპს უკავშირდება. 2015 წელს, ევროკავშირთან და ჩინეთთან ექსპორტის წილის ზრდის ფონზე, რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება შემცირდა, რამაც ამავე წელს მთლიანი ექსპორტის 7.39% შეადგინა. თუმცა, მომდევნო წლებში ადრეული ზრდის ტემპს გაუსწრო, ხოლო გასულ წელს მთლიანი ექსპორტის 13.20% შეადგინა.

საქართველო კიდევ ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია, რომელიც იმპორტის კუთხით მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო ექსპორტში კი - 6.05%-იანი წილით მე-6 ადგილს. სწორედ ჩინეთთან დაიდო ბოლო ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა. აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყნას შორის სავაჭრო ბარიერების, კერძოდ, სატარიფო და ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრას (გარდა გამონაკლისებისა) გულისხმობს. თავის მხრივ, საქართველოდან ჩინეთში საექსპორტო საქონელის ნაწილზე საბაჟო ტარიფების გაუქმება შეთანხმების ამოქმედების პირველივე წელს მოხდა, ხოლო ნაწილის კი, ეტაპობრივად, განაკვეთის მილევადი შემცირების გზით მოხდება, რომელიც სრულად ხელშეკრულების დადებიდან მეხუთე წელს დასრულდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის ჩინეთთან არასატარიფო ვაჭრობის რეჟიმი მხოლოდ ნაწილი სახეობის საქონელზე მოქმედებს, ჩინეთში ძირითად საექსპორტო საქონელზე საბაჟო გადასახადები 2018 წლიდან გაუქმებულია. ასეთი კი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რასაც ჩინეთში განხორციელებული მთლიანი ექსპორტის 75.70% უჭირავს. მეორე ადგილზე კი ყურძნის ნატურალური ღვინოებია, რომლის წილი 8.30%-ს შეადგენს.

საგარეო ვაჭრობა და ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ისტორიულად უარყოფითი სავაჭრო ბალანი გააჩნია, რომლის ძირითად ნაწილს სავაჭრო დეფიციტი მოიცავს. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი საქონელი და მომსახურების იმპორტი ხორციელდება, ვიდრე ექსპორტი. სავაჭრო დეფიციტის დაფინანსების წყარო კი ძირითადად უცხოური ინვესტიციებია.



2007 წელს განხორცილებული სავაჭრო ლიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად ღია გახდა, რამაც საერთაშორისო ვაჭრობაში ქვეყნის მჭიდრო ჩაბმას შეუწყო ხელის. აღნიშნული პერიოდიდან შემდეგ, მთლიანი შიდა პროდუქტში (მშპ) ექსპორტის წილი ზრდის უფრო მაღალი ტენდენციით ხასიათდება. მათ შორის, ბოლო წლებში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა ექსპორტის რეალური ზრდის ტემპი. გარდა ექსპორტისა, იზრდება იმპორტიც. გასული წლის მონაცემებით, მთლიანმა ექსპორტმა მშპ-ს 22.84% შეადგინა, რაც 2016 წელის შემდეგ მკვეთრად გაზრდილია. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს მთლიანი იმპორტის წილი მშპ-ს 54.98% იყო.



სავაჭრო ურთიერთობის ლიბერალიზაციამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოდელი შეცვალა. ბოლო ათწლეულის ეკონომიკური ზრდის მოდელში საგარეო მოთხოვნას მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია. განსაკუთრებით, ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი სწორედ საგარეო მოთხოვნა იყო, რაც საქართველო ეკონომიკის უფრო მეტად ორმხრივ ღიაობას და საგარეო ვაჭრობის განვითარებას უკავშირდება. ამდენად, სხვადასხვა ქვეყნებთან თუ ეკონომიკურ ზონებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების დადება საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები