საქართველოს წამყვანი ბიზნესგაერთიანებები კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროცესში ჯერ კიდევ განიხილება შესაძლებლობა, რომ გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ახალი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.
ჩვენ, წამყვანი ბიზნესგაერთიანებები, მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის.
გამომდინარე საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან, ჩავთვალეთ საჭიროდ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამ ჩანაწერის შენარჩუნების აუცილებლობა, რადგან:
1. მნიშვნელოვანია საქართველოში უნიკალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შენარჩუნება და განმტკიცება. აღნიშნული ჩანაწერი საკონსტიტუციო დონეზე უზრუნველყოფს ფისკალური პოლიტიკის სტაბილურობასა და განჭვრეტადობას, რითაც მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის, ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. მისი შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია უცხოური ინვესტიციებითა და ადგილობრივი მეწარმეების საინვესტიციო აქტივობით.
ინვესტორს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს ინვესტიცია რეგიონის თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და, ამ მხრივ, კონკურენცია ქვეყნებს შორის მუდმივად იზრდება. ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო ინვესტორს უნდა სთავაზობდეს უნიკალურ, სტაბილურ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არ არის ნათელი, რა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია საქართველოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, რეგიონთან შედარებით.
ამ ჩანაწერის გაუქმება საგრძნობლად გააუარესებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით და შეამცირებს ინვესტიციების შემოდინებას, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.
ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს აღნიშნული საკონსტიტუციო ჩანაწერი და მის შესაბამისად მიღებული ორგანული კანონი - „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“.
2. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ გაიზარდოს, თუ არა მათი გადასახადები.
მოქალაქეების უფლება, რეფერენდუმის გზით გადაწყვიტონ გადასახადების გაზრდის საკითხი, უშუალოდაა დაკავშირებული მათ უფლებასთან - განკარგონ საკუთარი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლები და ეს განახორციელონ პირდაპირი დემოკრატიის ფორმით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყნის ძირითადი კანონიდან ამ მნიშვნელოვანი გარანტიის გაქრობა გააჩენს არასტაბილურობის განცდას და გადასახადების ზრდის მოლოდინს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ,მოქალაქეების და ბიზნესსექტორისათვის თანაბრად დამაზიანებელი იქნება.
ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა მივმართოთ და ვთხოვოთ ყველას, ვინც ჩართულია ან შეიძლება ჩაერთოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში - შევინარჩუნოთ ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი - საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
საქართველოს ბანკების ასოციაცია
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველო
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია