მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმრო "ბუდაპეშტს" ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენებთ" - ინვესტორი

5e2858aba0a74
ანი ციხისთავი
22.01.20 19:00
7767
“1 წელია ველოდებით თბილისის მერიისგან პასუხს, აგვინაზღაურებენ თუ არა ინვესტირებულ თანხას ან შემოგვთავაზებენ თუ არა ვაკის პარკის ჩამნაცვლებელ ტერიტორიას. მეტი დროის კარგვას აღარ ვაპირებთ, ჩვენ გვაქვს მშენებლობის უფლება და იანვრის ბოლოს შევიტანთ მერიაში განცხადებას, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენოთ სასტუმრო “ბუდაპეშტი”, - ამის შესახებ სასტუმრო “ბუდაპეშტის” პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ზაქაიძემ Bm.ge-ისთან განაცხადა.

ზაქაიძის განცხადებით, კომპანიამ თხოვნის საფუძველზე მერიას საჭირო დოკუმენტებიც წარუდგინა.

“უბრალოდ, რადგან შევთანხმდით, დაველოდეთ, რას შემოგვთავაზებდნენ. მათგან კი კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ... თუ კანონი არსებობს ამ ქვეყანაში, მაშინ მშენებლობის ნებართვის ქონის პირობებში ვერაფერი შეგვიშლის ხელს. თუ უკანონოდ, ვიღაცის გულის მოგების გამო დაგვაბრალებენ, თითქოს ჩვენ რამეს ვაფუჭებთ, კი, ბატონო. მაშინ ეს უკვე იქნება ფიზიკური დაპირისპირება, ვის რა შეუძლია”, - აცხადებს გიორგი ზაქაიძე.

ზაქაიძემ Bm.ge-ისთან სასტუმროზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სასტუმრო 5-ვარსკვლავიანი იქნება და უკვე მშენებლობის შემდეგ გადაწყდება ბრენდის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ნებართვა სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე 2013 წელს გაიცა. მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” გაასაჩივრა, თუმცა, საბოლოოდ, 2018 წელს კომპანიამ სასამართლო მოიგო. მას შემდეგ, მერიასთან შეთანხმების საფუძველზე, სასტუმროს მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

ცნობისთვის, სასტუმრო “ბუდაპეშტის” მთლიანი ღირებულება 22 მლნ დოლარია. 5 მლნ დოლარი პროექტში უკვე ჩადებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები