ერთ წელიწადში ქვეყანაში, სავარაუდოდ, მედიკამენტების ფასები ახალი კანონმდებლობით დარეგულირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
რაც შეეხება ზოგადად, ფასების რეგულირებაზე საუბარს, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე ფასების რეგულირებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეს საკითხი განიხილება.
„ვფიქრობ, საკანონმდებლო ინიციატივაზე მომავალ წელს დავიწყებთ მუშაობას. ამ პროცესს, სავარაუდოდ, დასჭირდება 6-9 თვე და ალბათ 1 წლის თავზე გვექნება იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც დაარეგულირებს ბაზარს და ხარისხიან მედიკამენტს მეტად ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისთვის.
ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებით სტანდარტული პრაქტიკა ითვალისწინებს იმას, რომ ხდება სტანდარტული ფასების დადგენა ბაზრის კვლევის საფუძველზე და შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოხდება შეთანხმება იმაზე, რომ ეს ფასი შენარჩუნდეს, რათა არ გამოიწვიოს უპროგნოზო გადახარჯვა ან დეფიციტი პროგრამის ფარგლებში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც გაბუნია ამბობს, ფასების რეგულირება კომპლექსური საკითხია და საკანონმდებლო ინიციატივის გარეშე საკითხის ცალსახად დაყენება სწორი არ იქნება. მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება საკითხზე მუშაობას მომავალ წელს დაიწყებს და სავარაუდოდ, ერთი წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ინიციტივის შინაარსსა და თვისობრივ მხარეებზე შეთანხმება მოხდეს.
„წამლის კანონმდებლობა სტანდარტულია და მოიცავს ფასებთან დაკავშირებულ რეგულაციებს. საბოლოოდ როგორი კანონმდებლობა იქნება მიღებული, ამის პროგნოზირება შეუძლებელია; უნდა იყოს ფართო განხილვის საგანი, რადგან ხელოვნური და უხეში ჩარევა ფასების რეგულირებაში იწვევს დეფიციტს, ასევე უხარისხო მედიკამენტების შემოდინებას ბაზარზე, ამიტომ უნდა იქნას ყველა რისკი გათვლილი და გადაწყვეტილება ისე მიღებული“, - აღნიშნა მან.