მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე შეინარჩუნა

6423f12ec92c9
BM.GE
29.03.23 11:59
932
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მათ, ვისაც სესხი ცვლად განაკვეთეზე აქვს მიბმული, კრედიტის ღირებულება უცვლელად შეუნარჩუნდება. 

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ინფლაციას უკვე შემცირების დინამიკა აქვს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ნაადრევია და ამისთვის საჭიროა ინფლაციის კლებამ უფრო მყარი ტრენდის სახე მიიღოს. ამასთან, ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს არამხოლოდ დაუახლოვდება, არამედ მასზე დაბალიც იქნება.

"მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა შემცირებას განაგრძობს. თებერვალში მთლიანი ინფლაცია 8.1 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6.6 პროცენტამდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, ძირითადად, საგარეო ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ბოლო პერიოდში, ნავთობის საერთაშორისო ფასი მცირდება. საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ასევე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი კლებას განაგრძობს. გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტულ ინფლაციას ამცირებს. მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, საბაზო, ისევე როგორც ადგილობრივი ინფლაცია, კვლავ მაღალია. მთლიანი ინფლაციის შემცირებას კი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებისა და გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდა შენელდა. ეს, თავის მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებასა და, შესაბამისად, ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შენარჩუნებას დამატებით უწყობს ხელს.

ზემოაღნიშნულის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინებიც იკლებს. არსებული პროგნოზით, მათ შორის საბაზო ეფექტისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება, რაც გრძელვადიანი მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად, ზემოთ აღნიშნული პოზიტიური ფაქტორებისა, არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკებიდან საყურადღებოა შრომის ბაზრიდან მომდინარე შესაძლო წნეხი. კერძოდ, ბოლო პერიოდში სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა ჩამორჩება ხელფასების ზრდის ტემპს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასები წლიურად 21.2 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როდესაც პროდუქტიულობამ მხოლოდ 6.8 პროცენტით მოიმატა. ეს ტენდენცია აისახება ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ფასებზე, რომელთა ზრდის ტემპი კვლავ მაღალია და 13.8 პროცენტს შეადგენს.

მაღალი გაურკვევლობისა და რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფლაციის ადგილობრივი კომპონენტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 10 მაისს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები