დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიებისა და მათ საკუთრებაში არსებული კლინიკების განცალკევება სექტორის გაჯანსაღებისთვის საჭირო პროცესია.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ სთხოვდნენ კლინიკების აშენებას, რაც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა არაა და დღეს მათი გაყოფა უნდა მოხდეს, თუმცა მისივე განმარტებით, ეს პროცესი ერთი ხელის მოსმით არ უნდა განხორციელდეს.
"თავის დროზე არასწორი ფორმა იყო, როცა სახელმწიფომ დაავალდებულა სადაზღვევო კომპანიები, რომ აეშენებინათ საკუთარი კლინიკები. ეს ხდებოდა დაახლოებით 10 წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ზოგჯერ დაძალებთ, ზოგჯერ სხვადასხვა პირობების შექმნით თხოვდნენ და მოითხოვდნენ ამის გაკეთებას. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა არაა. რა თქმა უნდა, არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი განცალკევება, თუმცა თავად სექტორის ჯანმრთელობისათვის უკეთესია, ასე მოხდეს. მე ვიცი სადაზღვევოები, რომლებსაც აქვთ აფთიაქებიც და კლინიკებიც. ისინიც თვლიან, რომ ამ ეტაპზე ეს განცალკევება კარგი იქნება, თუმცა ეს პროცესი ერთი ხელის მოსმით არ უნდა მოხდეს", - ამბობს ონოფრიშვილი.