მალე საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმების წარმოება დაიწყება, დაკვეთას კომპანია "ელსელემა" შეასრულებს, რომელიც პოლიციისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებს თბილისისა და ლანჩხუთის ფაბრიკებში დაამზადებს. ამის შესახებ Bm.ge-ის სამკერვალო ფაბრიკა "ელსელემას" დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა. მისივე თქმით, ამჟამად ორივე საწარმოში მიმდინარეობს ნიმუშების დამზადება. ქართულ კომპანიას დაკვეთას შვეიცარიული "ქამელეონი" აძლევს.
"ამჟამად იკერება ნიმუშები, რომლებიც მათ გადმოგვიგზავნეს. ორივე საწარმო თბილისში და ლანჩხუთში ამ შეკვეთის შესრულებით იქნება დაკავებული, რადგან ისინი იმ შემთხვევაში მოგვცემენ დაკვეთას, თუ გარკვეული რაოდენობის უწყვეტ მიწოდებას ვუზრუნველყოფთ. საწარმოო სიმძლევრეების კუთხით, ტექნიკურად ჩვენ არ გვაქვს შეფერხება; ძირთადი პრობლემა მუშახელია, განსაკუთრებით თბილისში; ბევრი მოდის, მაგრამ შემდეგ ამბობენ, რომ ვერ შეძლებენ მუშაობას, რადგან ხარისხის მაღალი მოთხოვნაა ყველგან," - განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა.
მისივე თქმით, კომპანიას სხვა ევროპული ბრენდისგანაც აქვს შემოთავაზება, რომელსაც ქურთუკების წარმოება სურს.
"მხოლოდ ჯავშანჟილეტებზე არ არის საუბარი, ამჟამად მოლაპარაკებების ვაწარმოებთ ახალ ევროპულ ბრენდთან; პრაქტიკულად დასტური მიღებული გვაქვს, თუმცა ჯერ თავს შევიკავებ დასახელებისგან, ვიდრე ეს პროცესი დასრულდება. ქურთუკების დაკვეთა სურთ, სამი მოდელი კეთება ამჟამად სანიმუშოდ, მათი ექსპერტებიც იყვნენ ჩამოსული საქართველოში, შეამოწმეს ჩვენი ფაბრიკები და მოიწონეს; ვფიქრობ საკითხი დადებითად გადაწყდება და ახლო მომავალში დავიწყებთ ამ დაკვეთის შესრულებასაც“ - განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა.
კომპანია ,,ელსელემა“ როგორც თბილისის, ასევე ლანჩხუთის ფაბრიკაში მუშახელის დამატებას გეგმავს. ასევე იგეგმება ახალი ინვესტიციის განხორციელება, რაც სავარაუდოდ 150,000 ევროს შეადგენს. აღნიშნული თანხა ახალი დანადგარების შეძენას მოხმარდება.
"მინიმუმ 150 ადამიანს დავამატებთ ლანჩხუთის ფაბრიკაში, სადაც ამჟამად 45 მუშაობს. თბილისში კი სავარაუდოდ 80 ადამიანი დაემატება, ამჟამად 100 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ორ მიმართულებაზე აიღებს ორიენტაციას, ეს იქნება სპეცტანსაცმლის კერვა ძალოვანი სტრუქტურებისთვის და სამოქალაქო ტანსაცმლის კერვა
მინდა აქვე ავღნიშნო, რომ მხოლოდ დამკვეთის ინტერესებს არ ვითვალისწინებთ - არის თუ არა ეს, ის მოდელი და ფასი, რომელიც ჩვენთვისაც მისაღებია, რომ ხალხმაც კარგი ხელფასი მიიღოს და კომპანიასაც ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა“ - განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა.
კომპანია უახლოეს თვეებში BSCI (Business Social Compliance initiative) სერტიფიკატის აღებას გეგმავს. როგორც ელგუჯა მამასახლისი განმარტავს, აღნიშნული სერთიფიკატი კომპანიას ევროპულ ბაზარზე ექსპორტის განხორციელებაში და დამკვიდრებაში დაეხმარება.