მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილამაზის სალონები სულს ღაფავენ“ - რას ითხოვენ ისინი?

5fce4f3fccc2c
თათია ჩაფიჩაძე
07.12.20 21:51
2781
სილამაზის სალონების წარმომადგენლები მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. გადაცემა „საქმიან დილასთან“ საუბრისას სალონი „კრეატივის“ დამფუძნებელი ელენე პაიჭაძე აცხადებს, რომ მომხმარებლების კრიტიკულ მინიმუმამდე შემცირების გამო, იჯარაზე მომუშავე სალონების 80% უმძიმეს მდგომარეობაშია.

„ორად იყოფა სილამაზის სალონების აზრი, ნაწილს უნდოდა ემუშავა და ნაწილს რომ დახურულიყო. მათ უნდათ მუშაობა, ვისაც საკუთარი ფართი აქვთ და იჯარის პრობლემა არ აწუხებთ, სესხი არ აქვთ, უმკლავდებიან კომუნალურს და ა.შ. თუმცა მეორე ნაწილი, რომელიც იჯარით არის და ასეთია სალონების 80% უმძიმეს მდგომარეობაშია.

დახურვა უკეთესი ცხადია ვერ იქნებოდა და ამისთვის ბევრი იმუშავა ფედერაციამ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. თუმცა მე მინდა დიდი თხოვნით მივმართო მთავრობას, რომ გაგვითვალისწინონ, რადგან ღია ვართ, არ გვეხება არც ბანკში სესხის გადავადება, არც სუბსიდირება, არც კომუნალური, რა თქმა უნდა, მეიჯარესთანაც თავად ვარკვევთ ჩვენს პრობლემებს. ჩვენი თხოვნაა, რომ იქნებ ბანკებთან მაინც გვიშუამდგომლონ, რომ ან გადაგვივადონ ან სუბსიდირება გაგვიკეთონ. ჩანაწერები წარვადგინე ბანკში და ამის ხარჯზე იანვრამდე გადავადებინე, მაგრამ იანვრიდან რომ მომთხოვს გადახდას, ვერ გადავიხდი, იმიტომ რომ ფიზიკურად სალონი არ მუშაობს", - განაცხადა ელენე პაიჭაძემ.

მისივე თქმით, პრობლემაა ასევე თანამშრომლების სამსახურამდე მისვლა.

"ტაქსის ფული მომხმარებლების არარსებობის გამო არ გვაქვს და ვერ ვანაზღაურებთ. ვეცადეთ გადაწყობას, მაგრამ ძალიან ბევრი სამსახური დაიკეტა, ზოგი ონლაინზე გადავიდა. ადრე მომხმარებელი თუ მოდიოდა კვირაში ერთხელ, ახლა მოდის 2-3 თვეში ერთხელ. ამას უკვე მუშაობა არ ჰქვია, სილამაზის სალონები სულს ღაფავენ", - განაცხადა ელენე პაიჭაძემ.

ცნობისთვის, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები სილამაზის სალონებზე არ გავრცელებულა. შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ბიზნეს-ობიექტები მუშაობას აგრძელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები