მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდაუცველების „სიღარიბიდან ამოყვანის“ პროგრამა თუ ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილები?

6310d68ca8a40
თელარა გელანტია
01.09.22 21:35
7198
მოქალაქე #1: „უკვე ერთი თვეა, მე და ჩემი ქმარი ამ პროგრამით დავსაქმდით. ყოველ შაბათ-კვირას სასაფლაოებს ვალაგებთ. ხელფასი 300-300 ლარი გვაქვს. ასევე, ვიღებთ სოციალურ დახმარებას. გვითხრეს, 4 წელი გექნებათ ეს სამსახურიო და შემდეგ სოცდაუცველის სტატუსიც მოგვეხსნება“.

მოქალაქე #2: „ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მამაჩემი ბაღის დარაჯად დასაქმდა, დედა - ექთნის თანაშემწედ. მე 22 წლის ვარ და ჭიდაობის მწვრთნელის დამხმარედ ვმუშაობ ანუ მწვრთნელს ვეხმარები მოსწავლეების აღრიცხვაში, დარბაზის მოწესრიგებაში და ასე შემდეგ. ჩვენი ხელფასი 300-300 ლარია, რასაც სოცდაუცველის დახმარებაც ემატება“.

მოქალაქე #3: „კულტურის სააგენტოში დამასაქმეს. 300 ლარი მაქვს ხელფასი. 6-თვიანი კონტრაქტი გამიფორმეს, მაგრამ მითხრეს, რომ გამიგრძელებენ და შეიძლება ხელფასიც გაგიზარდოთო“.

მოქალაქეები, რომლებიც BMG-ს ესაუბრნენ, სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სამთავრობო პროგრამის ბენეფიციარები არიან.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სოცდაუცველთა რიცხვი, რომელთა ხელფასი 150-დან 300 ლარის ფარგლებშია, უკვე 20 000-მდეა. სოცდაუცველებისთვის სამუშაო ადგილები ძირითადად სკოლებში, სატყეო სააგენტოში, სასაფლაოებზე, მუზეუმებში და სხვა სსიპებ-სა და აიპებ-ში გამოიძებნა.

პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ პროგრამაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს, თუმცა ასე არ ფიქრობს ერთ-ერთი მუზეუმის დირექტორი, რომელიც BMG-ის თავად დაუკავშირდა და წუხდა იმის გამო, რომ საჭიროება არ ჰქონდა, მაგრამ მუზეუმში რამდენიმე ადამიანი დაასაქმებინეს. ასევე წუხდა იმის გამოც, რომ ეს ადამიანები აქ ახალ სამუშაო უნარებს ვერ შეიძენენ.

„...სახლ-მუზეუმის დირექტორი ვარ. სოციალურად დაუცველებთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, თუმცა პრეტენზია მაქვს მთავრობასთან. რა საჭიროა ორი დარაჯი, ორი დამლაგებელი, ორი მეეზოვე, ორი ელექტრიკოსი... თანაც მუზეუმის დირექტორი ვარ და მე 250 ლარი მაქვს ხელფასი, დამლაგებელს და დარაჯს კი - 300 ლარი. სხვა მუზეუმებშიც ასე ხდება... როგორც ვიცი, ამ პროგრამის ფარგლებში სკოლებში ასაქმებენ სოციალურად დაუცველებს. მაგალითად, დამლაგებლის თანაშემწედ, ასევე, დარაჯის თანაშემწედ... ხომ მაგარი თანამდებობაა?!“, - ამბობს მუზეუმის დირექტორი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, რაც ბუნებრივია.

BMG-მ ამ მოქალაქის წუხილის საქმის კურსში ჯანდაცვის მინისტრიც ჩააყენა და გვქონდა საშუალება, ზურაბ აზარაშვილისთვის გვეკითხა - ამ ადამიანებისთვის ხელოვნურად ხომ არ გამოიგონეს ეს სამუშაო ადგილები და 20 000 ადამიანი თუ აკლდა საჯარო, საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რანაირად მუშაობდნენ გამართულად?


“ძალიან ხშირად მიწევს ამ ხალხის ნახვა და ვიცი, უშუალოდ რას საქმიანობენ... სრულიად დარწმუნებული ვარ იმ საჭიროებებში, რასაც ისინი აკეთებენ. ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ... მე ვფიქრობ, არასწორად წარმოაჩენთ ამ საკითხს. მე თვითონ ვიყავი იმერეთში სხვადასხვა ადგილას და ვნახე სულ სხვადასხვა ადგილას დასაქმებულები - ზოგიერთი დასუფთავების სამსახურშია, ზოგი, მაგალითად, ძველი შენობების დანგრევის სამუშაოებს ასრულებს. წადით და თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამაში. ნამდვილად არის იმის საჭიროება, რომ 300-ლარიანი ყოველთვიური ანაზღაურება ჩვენს სოცდაუცველებს ჰქონდეთ და პლუს ეს აქტივობა, რაც შეიძლება სოცდაუცველებს შევთავაზოთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტია“, - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი, რომლის ინფორმაციით, მარტიდან ანუ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროგრამა დაიწყო, 5000-მა სოციალურად დაუცველმა დასაქმების ლეგალიზება გააკეთა.

საქმე ის არის, რომ სოცდაუცველების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა, რომლისთვისაც მხოლოდ წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება, საშუალებას იძლევა, დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს ოთხი წელი უწყვეტად შეუნარჩუნდეთ საარსებო შემწეობა და დასაქმდნენ საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში ანუ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე ოთხწლიანი მორატორიუმი იმოქმედებს.

ამდენად, მართალია, სამთავრობო პროგრამის გაცხადებული მიზანი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების ეკონომიკაში ჩართვა და სოცდაუცველთა ბაზიდან ნელ-ნელა ამოსვლაა, მაგრამ ამ გზით რამდენად მიღწევადია ეს ყველაფერი, ბუნდოვანია და ღიად რჩება კითხვები - როგორ ამოიყვანს ეს პროგრამა სიღარიბიდან ადამიანებს, როდესაც ძალიან ნაკლები შანსია სხვადასხვა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებულებმა ახალი უნარები შეიძინონ და ბაზრის მოთხოვნებს უპასუხონ. მსგავსი კითხვები აქვს ISET-ის მთავარ ეკონომისტსაც.

რამდენიმე მთავარი პრობლემა იკვეთება ამ პროგრამასთან დაკავშირებით. პირველი - ხელოვნურად ვქმნით სამუშაო ადგილებს; მეორე - ხელოვნურად ვქმნით სამუშაო ადგილებს ისეთ სექტორებში, სადაც პროდუქტიულობა დაბალია და მესამე - იქმნება ახალ ბერკეტს სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური ზეგავლენის განსახორციელებლად, რადგან ეს არაა სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანები კომპეტენციის მიხედვით დასაქმდნენ. შესაბამისად, ასეთი ადამიანებისთვის ამ სამუშაო ადგილებზე გაჩერების მგრძნობელობა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ისეთი ადამიანის, რომელსაც ჰქონდა ალტერნატივა კერძოსა და სახელმწიფო სექტორს შორის და აირჩია საჯარო სექტორში დასაქმება. ასეთ ადამიანზე ზემოქმედება ყოველთვის უფრო რთული იქნება, ვიდრე მასზე, ვისაც შეუქმენი სამუშაო ადგილები, რომელთა საჭიროება ისედაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

რას მივიღებთ ოთხი წლის თავზე? - პირველი - კიდევ უფრო მეტად იქნება განცდა მოსახლეობაში, რომ სამუშაო ადგილები უნდა შექმნას სახელმწიფომ. მეორე - დახარჯული გვექნება ფული იმაში, რომ ადამიანებს 2022-დან 2026 წლამდე ჰქონდეთ რაღაც ანაზღაურება, მაგრამ მათ არ ექნებათ არანაირი ახალი უნარები, რათა მოერგონ ბაზრის მოთხოვნებს და იყვნენ კონკურენტუნარიანები“, - აცხადებს გიორგი პაპავა.

გარდა ამისა, ეკონომისტის აზრით, ამ პროგრამით დამატებითი უთანასწორობა რჩება შრომისუნარიან და შრომისუუნარო სოცდაუცველს შორის, რადგან ვისაც სამუშაო უნარი აქვს, მას დამატებით 300-ლარიანი შემოსავალი უჩნდება. ამიტომ ISET-ის მთავარი ეკონომისტის აზრით, უფრო ეფექტიანი და სამართლიანი სხვა მიდგომა იქნებოდა.

„სოციალურად დაუცველებს რომ შევთავაზოთ გარანტირებული თუნდაც ოთხწლიანი სოციალური დახმარება, ეს ბევრ გაურკვევლობას მოაშორებდა მათ. ისინი უფრო გაბედულად შეძლებდნენ სამუშაოს მოძებნას, გარკვეული ნივთების შეძენას და ა შ.“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

და ბოლოს მთავარი კითხვა - რა ხდება ოთხი წლის შემდეგ, როდესაც საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული სოცდაუცველების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე გამოცხადებული მორატორიუმი დასრულდება - როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, თუ სოციალურად დაუცველებს სიღარიბე დაძლეული ექნებათ, სოცშემწეობა მოეხსნებათ და თუ ვერ, მაშინ ისევ მიიღებენ სოცდახმარებას.

ივლისში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულ 664 ათასამდე გაიზარდა. #წერტილი.

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა - რამდენი ადამიანი დასაქმდა?


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები