მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სწორი არ არის სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა" - პაპუაშვილი ღარიბაშვილზე

პაპუაშვილი

"როდის, რა ფორმით და რა შინაარსით ექნება კომუნიკაცია, მისი გადასაწყვეტია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მას კითხვა დაუსვეს ექსპრემიერის მიერ ციხიდან გავრცელებული წერილების შესახებ, ასევე განიხილავს თუ არა ღარიბაშვილს პოლიტიკურ აქტორად, რაზეც პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს სამართლებრივი პროცესია და პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიდეს.

"მისი გადასაწყვეტი არის, რა კომუნიკაცია შეიძლება ჰქონდეს გარეთ მედიასთან თუ საზოგადოებასთან, რა სიხშირით და რა შინაარსით.

გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მიპასუხია, ეს არის სამართლებრივი პროცესი და თუ რაიმე კითხვები არსებობს, სამართლებრივი კითხვები, და თუ რაიმე კითხვებს პასუხი სჭირდება, სჭირდება სამართლებრივი პასუხები. ვფიქრობ, რომ არ არის სწორი სამართლებრივი პროცესის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში და ამაში შესვლა თავად გულისხმობს უკვე ამ პროცესის მხარდაჭერას",- ამბობს პაპუაშვილი.

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აღარავითარი რესურსი აღარ არსებობს - კობახიძე ღარიბაშვილზე

17 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თებერვალში კორუფციული ბრალდება აღიარა და საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. მისი განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის აღიარება შესთავაზეს, რათა პოლიტიკაში მისი დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ დაეზღვიათ. 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში ღარიბაშვილმა დაასახელა წერილის გამგზავნიც — მამუკა მდინარაძე, რომელიც სხვადასხვა დროს ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელისა და საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს იკავებდა. ღარიბაშვილის თქმით, მან ყველაფერი გააკეთა გუნდთან და „ძვირფას ადამიანებთან“ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და სწორედ ამით ახსნა კორუფციის შესახებ ბრალის აღიარება. 24 აგვისტოს ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენის, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამის სახით მიღებული 1.5 მლნ ლარიდან 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ნაღდი ფულის სახით პირადად გადასცა ღარიბაშვილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები