მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციასთან დაკავშირებით იმედგაცრუება ივანიშვილთან ერთად, მთელ გუნდს აქვს - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომების დეტალებზე ისაუბრა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

მისი თქმით, შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერებისა და მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იყო, რასთან დაკავშირებითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მისივე თქმით, სხდომაზე ყოფილ პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები არ დასმულა და საუბარი ზოგად პოლიტიკურ პროცესებს შეეხებოდა.

„რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ თემასაც, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება. სწორედ ამაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც. მან თავისი წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა. ეს რა თქმა უნდა, მთელი გუნდისთვისაც ძალიან დიდი წუხილია, რომ მისი ყოფილი ლიდერები დღეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არიან მიცემულნი. როდესაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ, ეს იმედგაცრუება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ მთელი გუნდს აქვს.

ღარიბაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები არ ყოფილა. უბრალოდ, ზოგადი საუბარი შეეხო იმ პერიოდს, როდესაც ბატონ ბიძინას საპარლამენტო შემადგენლობასთან შეხვედრა არ ჰქონია. ეს იყო განვლილი პროცესების მოკლე შეჯამება. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მონაკვეთი სწორედ პოლიტიკური თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხებოდა და ბიძინა ივანიშვილი თავად შეეხო ამ საკითხს", - განაცხადა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ მთავრობა კორუფციასთან ბრძოლას გააგრძელებს.

"კორუფციასთან ბრძოლა არ დასრულებულა. რაც შეეხება უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებსა და მმართველ რგოლს, აქ მდგომარეობა თვისებრივად შეიცვალა. არა მხოლოდ პერსონალურ დონეზე, არამედ მათ შორის, შეიცვალა პროცედურული საკითხებიც, რომლებიც პრევენციულად იმუშავებს. ხოლო რაც შეეხება ზოგადად კორუფციას ყველა დონეზე, ამასთან ბრძოლა რა თქმა უნდა, კვლავაც გაგრძელდება", - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა თავად ივანიშვილს სურდა: "თავად ბატონ ბიძინასაც სურდა უმრავლესობასთან და პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობიდან დიდი დრო იყო გასული".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები