მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მოსახლეობას შეშის ყიდვა ე.წ. „საქმიან ეზოებში" მოუწევს - ახალი წესი

6098feee0068e
ინგა მურუსიძე
10.05.21 14:28
3197
სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ. "საქმიან ეზოებში" მოუწევს. აღნიშნულს "ტყითსარგებლობის წესი" ითვალისწინებს, რომელიც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს და ძალაში 2023 წლიდან შევა. 

როგორც BM.GE-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან.

სამინისტროს ცნობითვე, ახალი "ტყითსარგებლობის წესი" ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა და შენარჩუნების პირობებში.

"მოსახლეობისთვის, საჯარო და ბიზნეს სექტორისთვის გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა ტყის რესურსებზე - როგორც მერქნული (სამასალე, შეშა), ისე არამერქნული და, ასევე, ხე-ტყის ნარჩენის სახით, რომელიც აქტიურად გამოიყენება ალტერნატიული და ეკოლოგიური ენერგიის წყაროების საწარმოებლად (ბრიკეტები, პელეტები) და მნიშვნელოვანი რგოლია ტყეზე ზეწოლის შემცირებისთვის.

გარდა ამისა, ტყის რესურსებზე წვდომა დაეფუძნება სრულიად ღია და გამჭვირვალე პროცესს - საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში", რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს. ტყის რესურსების რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის, ე.წ., სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი)", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ტყითსარგებლობის წესით“ დადგენილი სპეციალური ტყითსარგებლობის სახეები - ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება.

"ახალი „ტყითსარგებლობის წესის” მიღებამდე, ასეთი რესურსებით სარგებლობა კომერციული მიზნებისთვის აკრძალული იყო. ახალმა კანონმა და წესმა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახადა ასეთი რესურსის კომერციალიზაცია; ასევე, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყით სარგებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის და მისი უნიკალური ველური ბუნების ეკოტურისტულ პოტენციალს და შესაძლებელს გახდის, რომ სარეკრეაციო-ტურისტული საქმიანობები განხორციელდეს არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ფარგლებში, არამედ საქართველოს ტყის ყველა ნაწილში. მთავრობის მიერ მიღებული ახალი „ტყითსარგებლობის წესი” პრაქტიკაში ამკვიდრებს ტყის კოდექსით დადგენილ პრინციპებს და ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ტყის რესურსებით მდგრადად ისარგებლონ მრავალფუნქციური მიმართულებით", - განმარტავენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ცნობისთვის: "ტყითსარგებლობის წესის" საბოლოო ვერსია უახლოეს მომავალში გახდება საჯარო. უფრო მეტ დეტალს ახალ წესთან დაკავშირებით bm.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები