მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ სომხიშვილის ბიზნესის ისტორია

6443e04a5a8a4
გიორგი ისაკაძე
22.04.23 17:23
7385
1957 წელს თბილისში, ელიაზე ფეხსაცმლის ხელოსნისა და მკერავის, ვალიკო სომხიშვილის ოჯახში მორიგ, მეორე ძეობას აღნიშნავდნენ.

სომხიშვილების შვიდწევრიანი ოჯახი საკმაოდ მჭიდროდ ცხოვრობდა - ერთ დიდ საძინებელ ოთახში ეძინა ოთხ ძმას, შუშაბანდში კი - მშობლებსა და უმცროს, მეხუთე შვილ ლალის. ოჯახზე მზრუნველი ვალერიან სომხიშვილი გადებული იყო შეკვეთებზე საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. იყო დღეები, როცა 7-8 წყვილ ფეხსაცმელსაც კერავდა და წყვილში 8 მანეთამდე რჩებოდა, რაც გვარიანი შემოსავალი იყო და საკმარისიც იმისთვის, რომ მივლინებებიდან ოჯახში დაბრუნებულიყო და ვიდრე ფული არ შემოაკლდებოდათ, მეუღლით, ოთხი ვაჟისა და ოჯახის ყველაზე უმცროსით - ქალიშვილით ესიყვარულა. შემდგომ, ისევ საქმიანი მივლინება - ხან რუსეთი და ხანაც უკრაინა. სომხიშვილებს დედა ზრდიდა, რომელმაც თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, და მეუღლისგან პირობაც ჰქონდა მიღებული, რომ სპეციალობით მუშაობას არ დაუშლიდა. პირობა კი შესრულდა, მაგრამ წვრილშვილობამ და პატარა სომხიშვილებზე ზრუნვამ სრულად დიასახლისად აქცია. ბიჭებიც წამოიზარდნენ და თამაზმა, რომელიც ჯარიდან რამდენიმე თვის დაბრუნებული იყო, მშობლებს რუსეთში მუშაობის გაგრძელების სურვილი გაანდო.

- საით, შვილო?
- ციმბირში, ტიუმენშია განაწილება და იქ მივდივართ ქართველების ჯგუფი.
- და იცი კი, რა არის ტიუმენის ოლქი? - ეკითხება ვალერიანი თავის ვაჟს.
- რა არის ასეთი? - კითხვა დაუბრუნა თამაზმა მამას.
- თეთრი დათვების გარდა იქ არაფერი ხდება, შვილო.
- კარგი რა, მამა... - პასუხობს თამაზი. - აბა, აქ რა პერსპექტივა მაქვს? იქ კი მინიმუმ 700-დან 1500 მანეთამდე ხელფასებია.

საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა და ქართველების დიდი ჯგუფი ჩადის რუსეთის ციმბირში - ქალაქ ტიუმენში, სადაც ახალგაზრდა კადრები უნდა გადანაწილებულიყვნენ ტიუმენის ოლქის სხვადასხვა რაიონში. ასე იწყება თამაზ სომხიშვილის საქმიანი ისტორია რუსეთში (საბჭოთა კავშირში) - კარზე 1978 წლის 10 ოქტომბერია.

განათლებაზე ჩემი პირველივე კითხვა არასწორი აღმოჩნდა.

თამაზ სომხიშვილის კომპანიის ვებგვერდზე არ არის მითითებული მისი უმაღლესი განათლება საბჭოთა საქართველოში: - „საზკვების ტექნიკუმი“, რომელიც ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ თბილისში წითელ დიპლომზე დაამთავრა. განათლების მიღებას, უკვე საქმეში ჩართული, რუსეთის შორეულ ციმბირში გააგრძელებს, სადაც ჯერ ტობოლსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე აბარებს, საიდანაც გადადის ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის საფინანსო-საკრედიტო ფაკულტეტიც დაასრულა. თუმცა განათლებაზე ბევრს არ მესაუბრა, აქცენტს მეტად საქმიან ნაწილზე აკეთებდა. არ დავმალავ, თამაზ სომხიშვილის ეს „მხარე“ მეტად მაინტერესებდა და ამიტომაც „მივუშვი“ საუბრისას, რომელმაც სამ საათს გასტანა.

საქმიანი ეპილოგი და პირველი შემოსავლები

21 წლის თამაზ სომხიშვილი მეგობრებთან ერთად განაწილებით ტობოლსკში ხვდება. მათგან ერთ-ერთი - გივი გუიშვილი - მისი ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელია, ვისგანაც გაიგო ციმბირში მუშაობის განაწილების შესახებ. მეორე კი ბერდია თავშავაძეა, რომელთანაც ორდღიანი მგზავრობისას დამეგობრდა. მოგვიანებით, გივი გუიშვილიც ვერ გაუძლებს ციმბირის მკაცრ კლიმატს და დაბრუნდება საქართველოში, თუმცა მანამდე ახალგაზრდები დააკვალიანეს და ტობოლსკში ჩასულები უვატსკში გაანაწილეს. წარმოდგენა რომ შეგექმნათ - რა არის უვატსკის რაიონი? ის ოდნავ ჩამოუვარდება ზომით საქართველოს, რუსეთის ჩრდილოეთ მხარეს წარმოადგენს და გამოირჩევა უკიდურესად მკაცრი კლიმატური პირობებით. აქედან სამხრეთის მიმართულებით ტობოლსკამდე დაახლოებით 120, ხოლო ტიუმენამდე 379 კილომეტრია. თუმცა არც ეს იყო სომხიშვილის და მისი მეგობრების გაჩერების ბოლო ლოკაცია. უვატსკში ჩასული ქართველები ადგილზე ორ დღეს დარჩნენ და შემდგომ უკვე, ვერტმფრენით მათი გადასროლა მოხდა კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ, პირდაპირ ტაიგაში. ახლა უკვე სამუშაო დანიშნულების ადგილზე იყვნენ, სადაც მიმდინარეობდა ერთ-ერთი უდიდესი გაზსადენის (Уренгой — Помары — Ужгород) მშენებლობა. პროექტი ხორციელდებოდა იაპონიისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაკრედიტებით. 4451კმ-ის პირველი საექსპორტო გაზის საერთო მაგისტრალის 1160 კილომეტრი საბჭოთა უკრაინის ტერიტორიაზე გადიოდა. ჰოდა, ამ მშენებლობაზე განაწილებული თამაზ სომხიშვილის ტექნიკუმის წითელმა დიპლომმა კარგად „იმუშავა“ და მას მომარაგებას აბარებენ, რაც ასევე ითვალისწინებდა ვერტმფრენით თითქმის ყოველკვირეულად გადაფრენას ტობოლსკში და ორი დღის მანძილზე შესაბამისი მარაგებისთვის დაკვეთის მომზადებას.



„ყოველთვის გამორჩეულად კომუნიკაბელური ვიყავი. მაშინაც და ახლაც ვთვლი, რომ მთავარი ურთიერთობებია. ამიტომაც მალევე ტობოლსკში თითქმის ყველას ვიცნობდი. მათ შორის ქალაქის საბჭოსა და ტრესტებში“, - იხსენებს სომხიშვილი. ეს საკმარისზე მეტი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა სომხიშვილის სწრაფი აღმასვლა დაწყებულიყო, მით უმეტეს, რომ საბჭოთა კავშირად წოდებულ ქვეყანაშიც დიდი ცვლილებები იწყებოდა.

თუმცა, ვიდრე ცვლილებები დაიწყებოდა, რამდენი კარგი „საქმე“ გააკეთა და მათ შორის იხსენებს მოსკოვის ოლიმპიადისთვის (1980 წ.) სპეციალურ სამკერვალოში რამდენიმე ათასი ბრენდული პერანგის შეკერვა-დამზადებას. ტობოლსკის მერმა სწრაფად აუღო ალღო ახალგაზრდა სომხიშვილის იდეას, რომელმაც გუნდიც სწრაფად შეკრიბა და საფეიქრო წარმოებისთვის საჭირო კადრებიც სწრაფად მოიზიდა. იმხანად, სამკერვალო ფაბრიკებში მუშებს 150 საბჭოთა მანეთი ჰქონდათ ანაზღაურება. სომხიშვილთან მათი გამომუშავებული ყოველთვიური გასამრჯელო კი 600 მანეთს შეადგენდა. ფაბრიკა აივსო მუშებით, დაზგები აგუგუნდა და პერანგები რომ შეიკერა, დიდი წარმატებით კვირადღის ბაზრობაზე რამდენიმე საათში სრულად იყიდებოდა. თამაზ სომხიშვილმა პირველი სერიოზული შემოსავალი - 30.000 საბჭოთა მანეთის მოგება ნახა.

ტობოლსკის „კოლხიდა“

1987 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომელიც აკანონებდა და არეგულირებდა კოოპერატივების შექმნას. ქ. ტობოლსკის აღმასკომის თავმჯდომარემ, არკადი ელფიმოვმა შესთავაზა თამაზ სომხიშვილს, რომელსაც ქალაქში უკვე ჰქონდა საქმიანი და პრინციპული ადამიანის სახელი, თან კარგად ერკვეოდა საზკვებასა და ვაჭრობაში, გაეხსნა რამდენიმე კერძო კოოპერატივი, რისთვისაც ტობოლსკის აღმასკომი მზად იყო, დაეთმო ტერიტორიები და ფართები ქალაქში.

„მახსოვს, ერთ-ერთი პირველი, რაც შემომთავაზეს, ძველი ეკლესია იყო. ბავშვობიდან ოჯახში მორწმუნეებად ვიზრდებოდით და მაშინვე უარი ვუთხარი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ტობოლსკში, რომელიც, ფაქტობრივად, ციმბირის სავაჭრო ცენტრი იყო, ეკლესიები საწყობებად ჰქონდათ გადაქცეული. „მაშინ, შენით მონახე ადგილი და თანაც ისეთი, საჩვენებელი რომ იყოს ჩვენი ზემდგომებისთვისო“, - უთხრა აღმასკომის თავმჯდომარემ. ასე მიაგნო ორ ახალ ტერიტორიას თამაზ სომხიშვილმა, სადაც ერთ-ერთში რესტორანი „კოლხიდა“ გახსნა, მეორეში კი სავაჭრო-შემსყიდველი კოოპერატივი დააფუძნა. კოოპერატივის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის შეიძინეს, გამართეს და აღადგინეს „კამაზის“ ტვირთმზიდი სამაცივრე საბმელით, რომელიც მომარაგების ფუნქციას ასრულებდა და საქმეც დაიქოქა.
- ანუ, გამოდის, რომ „კოლხიდა“ არის თქვენი პირველი ბიზნესი, თუ შეიძლება ამას დავარქვათ ბიზნესი, კოოპერატივის სახით საბჭოთა კავშირის დროს?
- ასეა, დამოუკიდებლად სწორედ „კოლხიდა“, ეს მეორე კოოპერატივი გავხსენით, რომელიც სერიოზულად მუშაობდა, თუმცა კოოპერატივების შემოსვლამდე, ტობოლსკში იყო ერთი ებრაელი კაცი საშა შელერი, წარმოშობით ლვოვიდან. გამორჩეულად გონებაგახსნილი და აზრიანი, რომელთან ურთიერთობისას ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სწორედ იმ წლებში და გაცილებით ადრე, ვიდრე კოოპერატივები შემოვიდოდა, შელერს სამი რესტორანი ჰქონდა ტობოლსკში და მათ შორის, ახლად გახსნილი კაფე („ვსტრეჩა“), სადაც შელერმა პარტნიორობა შემომთავაზა და მე დავთანხმდი. გარდა ამისა, ერთად გავხსენით ახალგაზრდების გასართობი ცენტრიც. თუმცა რამდენიმე წელიწადში გარკვეული კაპიტალის დაგროვების შემდეგ ტიუმენში ახალი კოოპერატიული საქმიანობის გაფართოება გადავწყვიტე, რადგან ტობოლსკი, რომელიც მაინც პატარა ქალაქი იყო, განვითარებისა და გაზრდის საშუალებას აღარ მაძლევდა.

შემდეგი გაჩერება - ტიუმენი, 1990 წელი

ტიუმენში ჩასული სომხიშვილი ახალი საქმის დაწყებას ცდილობს და „კოლხიდის“ წარმატებული მუშაობის კვალობაზე ახალაშენებულ დიდ რესტორანს ყიდულობს. მიუხედავად იმისა, რომ გაწყობილი ფართი და ავეჯი ენანებოდა, გადაწყვიტა, მოეშალა არსებული ინფრასტრუქტურა და იქ საკონდიტრო ფაბრიკა გაეხსნა. „შემოსავალს ნამდვილად არ ვუჩიოდი, მაგრამ ხარჯიც ბევრი იყო. ნათესავები, მეგობრები და დიდი ოჯახი იყო შესანახი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არ ჩამოვრჩენილიყავი კოოპერატივების განვითარების ტენდენციებს და მასშტაბურად მემუშავა, მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე აშენებული საპრივატიზაციო ორგანიზაცია არასდროს მქონია. საჭირო იყო დროული და მიზანშეწონილი ქმედებები, რომლებიც მასშტაბურად დიდ შემოსავალს მომიტანდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ხარისხიანი საკონდიტრო წარმოება გაამართლებდა, მაგრამ ასაწყობი იყო მომარაგების საკითხი.

იმხანად, ქვეყანაში საკვები პროდუქტების ტოტალური დეფიციტი იყო - შედარებით ასაკოვანებს ემახსოვრებათ, მუშაობდა ტალონების სისტემა. განსაკუთრებით პრობლემური კი შაქარი და კარაქი იყო. მიუხედავად იმისა,რომ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, უკრაინასთან, სადაც შაქრის მწარმოებელი ძირითადი ქარხნები იყო განთავსებული, დაძაბული ვითარება იყო, რის გამოც შაქრის დიდი დეფიციტი შეიქმნა.

პირველი მილიონები - „ჩიტის რძე”
„ჩიტის რძე“, რომელიც ამ საკონდიტროს უნდა გამოეშვა, ნედლეულით უწყვეტ მომარაგებას საჭიროებდა. შაქრის დეფიციტის გამო მომიწია უკრაინაში ჩასვლაც. იქ ვაჭრობის სამინისტროში შევძელი და მოველაპარაკე, რომ მომყიდდნენ 5000 ტონა შაქარს ჩემი კოოპერატივის სახელზე ტიუმენში. ფორმალობისთვის მომთხოვეს, ტიუმენის ოლქის ვაჭრობის სამმართველოდან წერილი წარმომედგინა.
5000ტ. შაქრის განსათავსებლად ხელშეკრულება გაფორმდა ქალაქ ტიუმენის ვაჭრობის მთავარ სამმართველოსთან. ადგილობრივი სამართალდამცავებიც უმალ დაინტერესდნენ, თუ როგორ ახერხებდა ტომასი (თამაზ სომხიშვილი), გაევსო საწყობები შაქრით, როცა მთელ ქვეყანაში ამ პროდუქტის ტოტალური დეფიციტი იყო? ჰოდა, საბჭოთა ОБХСС-თან ურთიერთობის გარკვევა იმით დასრულდა, რომ სომხიშვილმა გამომძიებლებს შაქარი თავის ფასში მიაწოდა. თან შემოდგომა იდგა და შაქარზე განსაკუთრებული სეზონური მოთხოვნა იყო. გარდა ამისა, საკონდიტრო ფაბრიკისთვის საჭირო იყო დიდი მოცულობით შოკოლადი, რის მოწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა კუიბიშევის ფაბრიკა „როსიასთან“, რომელიც იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი შოკოლადის ფაბრიკა იყო. საკონდიტრო წარმოება ახალგაზრდა სომხიშვილის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და შემოსავლიან პროექტად იქცა. „ჩიტის რძე“ იმდენად შემოსავლიანი იყო, რომ გარკვეულ ეტაპზე წარმოება მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეც გადავიდა. საერთო ჯამში, საკონდიტრო ფაბრიკა „დრუჟბას“ მიღებული მოგება იმ დროს 7მლნ დოლარს აღემატებოდა. თავისი მოგებით დასაწყისში ნავთობის ბიზნესსაც სჯობდა, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
და მართალია, შემდეგი ეტაპი სრულიად ახალი ისტორიაა,რომელიც ნავთობის ბიზნესში თამაზ სომხიშვილის შესვლას უკავშირდება.

Лукойл С – „ ლუკოილ სერვის“ თუ „ლუკოილ სომხიშვილი“?

ვიდრე „ლუკოილის“ ნაწილზე გადავალ ჩემი მონათხრობისა, ტობოლსკსა და ტიუმენში თამაზ სომხიშვილი, გვარიანი ურთიერთობისა და კაპიტალის გარდა, უკვე დიდი ქონების პატრონი ხდება. ქალაქის ცენტრში (ტიუმენი) ყიდულობს 8-სართულიან საოფისე შენობას (სადაც პირველ და მეორე სართულებზე სავაჭრო მაღაზიებს ხსნის), კიდევ რამდენიმე ბიზნესს იწყებს, თუმცა ყველაზე კარგად მაინც „დრუჟბა“ მუშაობს - რომ იტყვიან, „ჩიტის რძე“ არ აკლიათ, ვინც ამ საქმეშია ჩართული. ამასობაში, საკონდიტროს ოფისში მყოფი სომხიშვილი იღებს ზარს რობერტ ფირცხალავასგან, რომელიც იმხანად ტიუმენის ოლქის საყოფაცხოვრებო მომსახურების გაერთიანების დირექტორი იყო. ფირცხალავამ უთხრა, რომ ახალშექმნილი სანავთობო კომპანია „ლუკოილი“ ეძებდა შესაფერის კანდიდატურას, ვინც ადგილობრივი წარმომადგენლობისა და კომპანიის გახსნაში დაეხმარებოდა.

„ასე გავიცანი ვიქტორ დოლგოვი, რომელიც „ლუკოილის“ ხელმძღვანელის, ვაგიტ ალეკპეროვის მოადგილე იყო და სწორედ მას ჰქონდა ჩაბარებული ტიუმენში ფილიალის გახსნა, რომელსაც შემდეგ „ლუკოილ ტიუმენი“ ეწოდა. მთხოვეს ფილიალის გახსნაში დახმარება, რათა ტემპში დაერეგისტრირებინათ „ლუკოილ ტიუმენი“. ურთიერთობები არ მაკლდა და ყველაფერი სწრაფად, ხარისხიანად გაკეთდა. ცალკე დავაფუძნეთ კომპანია Лукойл С-ი, რომელიც მათთვის („ლუკოილი“) იშიფრებოდა როგორც „ლუკოილ სერვისი”, და ჩემთვის - როგორც „ლუკოილ სომხიშვილი“.

- და რომელი სჯობდა? რომელი უფრო მუშაობდა?
- მინდა გითხრა, რომ საწყის ეტაპზე საკონდიტროსთან ახლოსაც ვერ მოდიოდა ეს „ლუკოილის“ კომპანიები. თუმცა მინდა, თავიდანვე გასაგებად ვთქვა, რომ თავად კომპანია „ლუკოილში“ მე არასდროს ვყოფილვარ წილის მფლობელი. ჩვენი პარტნიორობა დაიწყო „ლუკოილ ტიუმენთან“ ერთობლივი კომპანია Лукойл С-ის შექმნით 1992 წელს, რომელიც დაკავებული იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დისტრიბუციით. ნავთობის გადამუშავება ხდებოდა ქალაქ პერმის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, ნავთობპროდუქტების შემდგომი რეალიზაციის მიზნით ტიუმენისა და სვერდლოვსკის ოლქებში.
ამისთვის სომხიშვილს უკვე აქვს საკმარისი კაპიტალი, რომ შეიძინოს ჯერ ხუთი და შემდეგ დაამატოს სამი ბენზინგასამართი ავტოსადგური, რისთვისაც შესაბამისი ნებართვები აიღო ქალაქის სამსახურებიდან. ამ დროს სომხიშვილს უკვე ტიუმენის აეროპორტის 25%-იც კი შეძენილი აქვს.
- და თავად ალეკპეროვს არ იცნობდით?
- ალეკპეროვი გავიცანი 1992 წელის გაზაფხულზე, როცა ტიუმენში ჩამოფრინდა. მას თან ახლდა „ურაინეფტეგაზის“ დირექტორი ალექსანდრ პუტილოვი, რომელიც შემდგომ „როსნეფტის“ პრეზიდენტი გახდა. მე მათ ტრაპთან დავხვდი და ჩემივე ლურჯი „ვოლვოთი“ მივიყვანე აღმასკომის გვერდით მდებარე ჩემს 8-სართულიან საოფისე ცენტრში. ასე შედგა ჩემი პირველი კონტაქტი და გაცნობა „ლუკოილის“ პრეზიდენტთან.
შემდგომ უკვე პირადი ურთიერთობებიც ჩამოყალიბდა. პარალელურად ტიუმენში ამოქოქილი „ლუკოილ ეს“-ისა, 1992 წლის შემოდგომაზე, ოქტომბრის დასასრულს ალეკპეროვმა თამაზ სომხიშვილი მიიწვია მოსკოვში, სადაც კომპანია „ლუკოილ მარკეტის“ დაარსება შესთავაზა, რომელსაც სამი ქალაქის: ლანგეპასის, ურაისა და კოგალიმის საყოფაცხოვრებო ტექნიკით მომარაგებას და არსებული სასურსათო დეფიციტის აღმოფხვრას უზრუნველყოფდა. 1993 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა Lukoil Market-ი რომლის თანადამფუძნებელი და კომპანიის კომერციული დირექტორი სომხიშვილი იყო.

1994 წლის სექტემბერში სომხიშვილი უკვე საბჭოთა კავშირის დედაქალაქშიც ფართოვდება და იმატებს აქტივებს. მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, გერმანიის საკონსულოს მოპირდაპირედ, აკადემიკოს პილუგინის ქუჩაზე 10 მლნ დოლარად ყიდულობს ყოფილი გაერთიანებული პროფკავშირების სასტუმრო „ლაგუნას“ შენობას (საერთო ფართი 5500 კვ/მ და 1ჰა მიწის ფართობი) ოფისის გასაფართოებლად.

- ბატონო თამაზ, ჩვენს მოკვლეულ მასალებში კიდევ ერთი კომპანია ჩანს თქვენი მონაწილეობით. რას გვეტყვით „როსნეფტ ექსპორტზე“?
- ეს კომპანია 1994 წლის დეკემბრის ბოლოს შევქმენით. 50% იყო გადანაწილებული „როსნეფტზე“ და მის წარმომადგენელზე (ფიზიკური პირი), 35% „ლუკოილის“ იყო და 15% - ჩემი, როგორც გენერალური დირექტორისა. თანამედროვე ენაზე რომ გითხრათ, ამ კომპანიის მისია იყო, გამხდარიყო ოპერატორ-კოორდინატორი ბელარუსში განლაგებული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნებისთვის (Новополоцкий НПЗ და Мозырский НПЗ - ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები), სადაც მიმდინარეობდა „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ ნავთობის გადამუშავება. იქ ხშირად არაჯანსაღი კონკურენცია იქმნებოდა, რაც ამ ახალშექმნილ კომპანია „როსნეფტ ექსპორტს“ უნდა დაერეგულირებინა. იქნებოდა ეს მიწოდების, გადამუშავების მოცულობები, ტრანსპორტირების ტრაფიკი, ცხადია, კოორდინირებული ტარიფებით. თუმცა კომპანიამ ამ მისიით მუშაობა ვერც მოასწრო, რადგან ბელარუსი დსთ-ში (1995 წელი) შევიდა. ეს კი ცვლიდა იმპორტის დაბეგვრის წესებს. ამიტომ, ამ დანიშნულებითა და მისიით, რისთვისაც ეს კომპანია შეიქმნა, მას არ უმუშავია. „თუმცა, ვმუშაობდი მე. დავალაგე ამ კომპანიის გარკვეული გეგმები. ვიღებდი ნავთობის მოცულობებს, ვამუშავებდით, ვაწვდიდით სხვადასხვა მიმართულებით და წლის თავზე კომპანიამ გვარიანი მოგება ნახა. რადგან „როსნეფტი“ არავითარ მონაწილეობას არ იღებდა ამ კომპანიის ბიზნესის განვითარებაში და არც ნავთობს მაწვდიდა, გამოვისყიდე მათი კუთვნილი 50% და პარტნიორებად დავრჩით მე და „ლუკოილი“ (65/35).

გარდა ამისა, „როსნეფტექსპორტი“ იწყებს ე.წ. ვალის სქემებზე მუშაობას, რაც ითვალისწინებდა ჩათვლის სისტემას, რომელსაც იმხანად რუსეთში „ჩუბაისის ჩათვლებს“ ეძახდნენ. პირადად მე, როგორც სტატიის ავტორს და რედაქტორს მიმაჩნია, სწორედ ეს იყო თამაზ სომხიშვილის შემოსავლების ზრდისა და გამდიდრების გარდამტეხი პერიოდი. იმხანად ქვეყანაში ყველას ერთმანეთის ვალი ჰქონდა და განსაკუთრებით დიდი ვალი მენავთობეებს დაუგროვდათ ენერგოსექტორის მიმართ. თამაზ სომხიშვილი, რომელიც საკმაოდ ცნობილი იყო როგორც მენავთობეებში, ასევე ენერგეტიკის სამინისტროსა და „გაზპრომში“, ბიზნესს ამატებს ახალ მიმართულებას: მენავთობეების ვალის შესყიდვას ენერგეტიკოსების წინაშე. კერძოდ, „ტიუმენენერგოს“ წინაშე. ასევე „ტიუმენენერგოს“ დავალიანების შესყიდვა „სურგუტგაზპრომის“ წინაშე, აღნიშნულ ვალებს ყიდულობს მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით და განვადებით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები, მათ შორის 1996 წელს „ტიუმენენერგოსთან“ 4-წლიანი შეთანხმება ფორმდება. სქემა არცთუ მარტივია და ყველაზე მნიშვნელოვანი „ლუკოილის“ ელექტროხარჯების მომსახურებაა, რომლის ღირებულების ასახვა ხდებოდა ნედლ ნავთობში, რაც ყოველთვიურად 250-260 ათას ტონას შეადგენდა. „ჩათვლების სქემაში“ მეორე ადგილზე იყო „ნიჟნევარტოვსკნეფტეგაზი“ რომლის ნავთობმოპოვება 60%-ით ჩამოუვარდებოდა „ლუკოილისას“. თუმცა, ენერგოხარჯები თითქმის იგივე იყო, რადგან მათი ჭაბურღილებიდან ამოღებული მასა 93%-მდე შეიცავდა წყალს, რომელიც კომპრესორების მეშვეობით ნიადაგში უნდა ჩაბრუნებულიყო.
ამ სქემით („ჩათვლები და ვალების შესყიდვა“) ყოველთვიურად შესყიდული ნავთობის ოდენობა შეადგენდა 450-600 ათას ტონას, ანუ 3 276 000-დან 4 368 000 ბარელამდე. შემდგომში სომხიშვილმა შეისყიდა ოდესის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის საკონტროლო პაკეტი ალექსანდრ ჟუკოვისა და გრიგორი სურკისის სტრუქტურებიდან, სადაც ყოველთვიურად 200-250 ათას ტონა ნავთობს გზავნიდა გადამუშავებისთვის. პროდუქციის ნაწილი უკრაინულ ბაზარზე იყიდებოდა, ხოლო უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადიოდა. სომხიშვილი ექსპორტზე ნოვოსიბირსკის პორტიდან შვეიცარიული კომპანიების VITOL-ისა და GLENCORE-ის მეშვეობით მუშაობდა. მხოლოდ მაზუთის ყოველთვიური ექსპორტი ნოვოსიბირსკის პორტიდან 100-150 ათას ტონამდე შეადგენდა.

სომხიშვილი ნავთობის მოპოვებას დამოუკიდებლად იწყებს.

ამავე დროს, სომხიშვილი ინტერესდება ნავთობის მოპოვებით და აფუძნებს ორ ახალ კომპანიას: „ტომსკაია ნეფტს“ და „დანაო ინჟინირინგს“. სხვათა შორის, ვაგიტ ალეკპეროვმა მეგობრულად ურჩია, არ წასულიყო ნავთობის მოპოვების რთულ ბიზნესში, მაგრამ სომხიშვილმა მაინც გარისკა და რამდენიმე სერიოზულ პროექტს მოჰკიდა ხელი. ბიზნესის მასშტაბები იმდენად გაიზარდა, რომ სომხიშვილმა თავის გუნდში Polar Lights to Trisonnery Asset Limited-ის დირექტორი იური ბრატიშკო გადმოიყვანა. მის გუნდში თავს იყრიან ნავთობის საძიებო სამუშაოების პროფესიონალები, საკავშირო მნიშვნელობის გეოლოგები, ინჟინრები, მექანიკოსები.ა ღარაფერს ვამბობ რუსული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებზე, რომლებმაც სომხიშვილის ნავთობკომპანიის გუნდში გადმოინაცვლეს. მოგვიანებით, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, „ტომსკაია ნეფტს“ მიჰყიდის რუსი მილიარდერის, გუცერიევის კუთვნილ „რუსნეფტს“.

თუმცა, წარმოდგენა რომ შეგიქმნათ ამ კომპანიაზე („ტომსკაია ნეფტ“) და რა შემოსავლებს მიიღებდა სომხიშვილი... მის საკუთრებაში არსებულ ორ ნავთობსაბადოზე („ვერხნე-სალატსკოე“ და „იუჟნო-მილდჟინსკოე“) მიკვლეული და მოძიებული იყო 16 მლნ ტონა ნავთობი და 11 მლრდ კუბური მეტრი გაზი.

სომხიშვილი თავის გუნდს უყენებს ამოცანას: ორი წლის განმავლობაში „ტომსკაია ნეფტმა“ უნდა მიაღწიოს სრულყოფილ განვითარებას. აღნიშნულისთვის გაკეთდა 40 კმ გზა, 17 ჭაბურღილი, დასრულდა ნავთობმომზადების ცენტრალური პუნქტი, აშენდა 3 მგვტ გაზისდგუშიანი ავსტრიული ელექტროსადგური Jenbacher-ი. აშენდა 70-კილომეტრიანი ნავთობსადენი, საცხოვრებელი კომპლექსი 50 ადამიანზე, გაკეთდა სარემონტო-მექანიკური საამქრო, ნავთობბაზა, ამერიკული ტექნოლოგიით აღჭურვილი ნავთობჩამბარებელი პუნქტი. აი, ამას ფლობდა „ტომსკაია ნეფტ“.

რაც შეეხება „როსნეფტ ექსპორტის“ მეორე შვილობილ კომპანიას „დანაო ინჟინირინგს“, მას მიღებული ჰქონდა საძიებო-სადაზვერვო ლიცენზია. უკიდურეს ჩრდილოეთით, არხანგელსკის ოლქის, ნენთა ავტონომიურ ოლქში ატარებდა საძიებო-სადაზვერვო კვლევებს. ასე აღმოაჩინეს ნავთობის საბადო „ვოსტოჩნოე სარატაიუსკაია“,რის შედეგადაც კომპანიამ უკვე ნავთობის მოპოვებისა და ნავთობსაბადოს საექსპლუატაციო ლიცენზია მიიღო. „დანაო ინჟინირინგი“ საბოლოოდ „ლუკოილმა“ შეიძინა. ეს უკვე 2000-იანი წლების დასაწყისია, როცა შედარებით მცირე ნავთობკომპანიებს ათასგვარი ხერხით, იქნებოდა ეს კანონმდებლობა თუ გაუთავებელი შემოწმებები, გასაქანს არ აძლევდნენ. ამიტომაც სომხიშვილმა, მისთვის სამწუხაროდ, გადაწყვიტა, ეს კომპანიაც გაეყიდა. თუმცა ბარემ მეორე კომპანიის მასშტაბებზეც გეტყვით - რა შექმნა თავის დროზე სომხიშვილმა: „დანაო ინჟინირინგი“ თავისი მოცულობით და მოძიებული ნავთობით, იყო ორჯერ მეტი, ვიდრე „ტომსკაია ნეფტ“. ამ კომპანიის საბადოები განლაგებული იყოს ნენთა ავტონომიურ ოლქში. უკიდურესი ჩრდილოეთით არხანგელსკის ოლქის ფაქტობრივად მუდმივი „გამყინვარების ზონაში“. მაგალითად, თუ „ტომსკაია ნეფტის“ შემთხვევაში, მილსადენი ტრადიციულად თავსდებოდა ნიადაგში 2 მეტრის სიღრმეზე, აქ ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ერთ მეტრზე სიღრმეში ჩასვლისას უკვე ყინული გხვდებოდა. ამიტომაც მილები გადიოდა მიწის ზემოთ სპეციალურ ბოძებზე. საბადოებზე ჭაბურღილის სიღრმეები 4850 მეტრი ანუ 2100 მეტრით უფრო ღრმაა, ვიდრე „ტომსკაია ნეფტის“ საბადოზე. სამი ჭაბურღილის გამართვის შემდეგ, „დანაო ინჟინირინგის“ დირექტორის, იური ბრატიშკოს და თამაზ სომხიშვილის ზედამხედველობით მიკვლეული და დადასტურებული ნავთობის მარაგებმა 35 მლნ ტონა შეადგინა, ანუ 254 მილიონ 800 ათასი ბარელი. ასევე პარალელურად 2004 წელს სომხიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, განავითაროს როგორც ცალკე ბიზნესი გაზისდგუშიანი ელექტროსადგურების მშენებლობა „ლუკოილის“ ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე. შემდგომში ელექტროენერგიის გადაყიდვით მენავთობეებზე. რისთვისაც „ლუკოილის“ ერთ-ერთ ნავთობსაბადოზე - „სევერო-დანილოვსკოეზე“განლაგებულ გაზის ღია ჩირაღდნებს იყენებს, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ფუჭად წვავდა ბუნებრივ აირს, გარემოს განსაკუთრებულ ზიანს აყენებდა და აბინძურებდა. ამიტომ სომხიშვილი ხელშეკრულებას დებს კომპანია Jenbacher-თან, რომლის იმდროინდელი მფლობელი უკვე ამერიკული General Electric-ი იყო და შემდეგი 15 თვის განმავლობაში აშენებს 36-მეგავატიან გაზისდგუშიან ელექტროსადგურს Jenbacher-ისა და Simens-ის მოწყობილობებით.

იქ კიდევ ერთ საინტერესო დოკუმენტს მივაგენი, რომელიც, სხვათა შორის, ასევე საჯაროა - ამ ბიზნესიდან გამოსვლამდე, სს „როსნეფტ ექსპორტის“ გენერალური დირექტორი თამაზ სომხიშვილი, 2006 წლის 3 მარტს აფორმებს ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკთან, რომელიც ითვალისწინებს (კიოტოს ოქმის შესაბამისად) მავნე ემისიების გამოყოფის შემცირებას „ლუკოილის“ 4 საბადოდან: ტევლინოს, რუსკინსკოეს, ვატიოგანსკოესა და სევერო-პოკაჩევსკოეს პროექტებიდან. და იცით, ვინ აწერს ხელს ხელშეკრულებას? გასაგებია, კომპანიის მხრიდან თამაზ სომხიშვილია, ხოლო მსოფლიო ბანკის სახელით ხელშეკრულებაზე მაშინდელი რეგიონალური დირექტორის, დღეს კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას ხელმოწერაა.

როგორც გითხარით, კომპანია „დანაო ინჟინირინგს“ შემდგომ „ლუკოილის“- ერთ-ერთი შვილობილი კომპანია შეიძენს.

2004 წლის დასასრულიდან დაწყებულია პრობლემები რუსეთის საგადასახადო სამსახურებთან. 2005 წელს „როსნეფტექსპორტს“ საჩივარი შეაქვს სასამართლოში, ამის შემდეგ იმართება სასამართლო პროცესები, რომელთაც საბოლოოდ „როსნეფტექსპორტი“ მოიგებს, თუმცა ბაზარზე არსებული ტენდენციები და მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც მცირე ნავთობკომპანიები გაათანაბრეს ვერტიკალურად ინტეგრირებულ კომპნიებთან, საბოლოოდ გამოიწვევდა მცირე კომპანიების გაკოტრებას. როგორც ზევით მოგახსენეთ, მისთვის ეს არ იყო სასურველი გადაწყვეტილება, და, მისდა სამწუხაროდ, თამაზ სომხიშვილი ნავთობის ბიზნესიდან გამოდის.
ასევე 2006 წელს თამაზ სომხიშვილი იწყებს მრავალსართულიანი ელიტური საოფისე საცხოვრებელი სახლის დაპროექტებას და მშენებლობას მოსკოვში, კოსიგინის ქუჩაზე. საერთო ფართით 29 000მ2.
- და, დღეს რუსეთში რაიმე ბიზნესს ფლობთ?
- არა. ეს ყველაფერი 2007-2008 წლებში დასრულდა. „როსნეფტექსპორტის“ ლიკვიდაციის ოფიციალური დოკუმენტი 2009 წლის 5 თებერვალს მივიღეთ.
- ანუ, დღეს რამეს ფლობთ რუსეთში?
- არაფერს, ერთი ოფისი დარჩა და ეგ არის. საერთოდ არაფერს. მაგ დროს უკვე (2006-2007) საკმაოდ აქტიურად უკრაინაში ვინვესტირებდი.

თამაზ სომხიშვილი და საქართველო
##
ვიდრე უკრაინაზე გადავალ, რაც ჩემი ინტერვიუს ალბათ მთავარი თემაა (ამასზედ მოგვიანებით) თამაზ სომხიშვილს საქართველოში მის ძველ და ამჟამინდელ კავშირებზე ვეკითხები. იხსენებს 90-იან წლებს, როცა დედის გარდაცვალების დროს, აფხაზეთში მიმდინარე ომის გამო, ბაქოს გავლით მოუწია თბილისამდე ჩამოსვლა. შემდგომ წლებში იყო რამდენიმე საქმიანი ვიზიტიც და მცდელობა, „ლუკოილის“ პროექტები განხორციელებულიყო. იხსენებს რთულ შეხვედრებს მაშინდელ უწყებებთან და მინისტრებთან, გაუგებარ დამოკიდებულებებს საქმის მიმართ. მიყვება, რომ რაღაც მომენტში პრეზიდენტ შევარდნაძესთანაც მოითხოვა შეხვედრა: „მინდოდა მომეყოლა, როგორ არასწორად მიდის ყველაფერი, არ კეთდება საქმე, აშავებს ბევრი და ყველა, მისი გარემოცვიდან და სანათესაოდანაც კი. არც ეს გამოვიდა, პირადად მინდოდა საუბარი და შეხვედრას ჩემთვის უცხო პირი ესწრებოდა. ამიტომაც ის საუბარი არ შედგა, რაც უნდა ყოფილიყო“.

- „ლუკოილის“ აქაური ოფისის მუშაობაში ჩაერთეთ, ერეოდით თავიდანვე?
- თუ არ ჩავთვლით როლანდ შონიას დანიშვნას ამ პოზიციაზე და შემდგომ ესეც აღარ იყო, რადგან აქაური (საქართველოს) მასშტაბი არც საინტერესო იყო და ყველა პრობლემაზე არავინ საუბრობდა გულწრფელად. მათ შორის, არც როლანდ შონია. ჰოდა, ჩავეხსენი ამ თემასაც ბოლომდე. მახსოვს, როცა ჩამოვდიოდი საქართველოში, რამდენჯერმე შევხვდი ბატონ რევაზ თევზაძეს, „საქნავთობის“ მაშინდელ ხელმძღვანელს. ეს ადამიანი, რომელიც უამრავ ინფორმაციას ფლობდა და არაჩვეულებრივი პროფესიონალი იყო, ბოლომდე მაინც თავს იკავებდა, გამჟღავნებულიყო ეკონომიკის განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორები. ასეთი რეალობა იყო. ამიტომაც, ჩავთვალოთ, მაშინ საქართველოში არაფერი გამოვიდა.
- დღეს? დღეს ინვესტირებთ საქართველოში? ან ფლობთ რაიმე ბიზნესს? -
აქ იღიმის და პაუზას აკეთებს.
- აქ რაც ჩადებული მაქვს, იმის 25-30% მაქვს ამონაგები. ამაზეც არ არის. განწყობა უნდა ყველაფერს, და ალბათ უმთავრესი პირადი ჩართულობა და ძლიერი გუნდია, რომელიც მე საქართველოში არ მყავს. შესაბამისად, ამ და სხვა მიზეზების გამო საქმე აქ ნაკლებად გამომდის.
თამაზ სომხიშვილი საქართველოში კომპანია TS HOLDING-ს ფლობს. სწორედ ეს კომპანია უნდა ყოფილიყო მისი ყველა ბიზნესის კოორდინატორიც და მმართველიც საქართველოში. გული სწყდება, მისი აზრით, დაუმსახურებელ კრიტიკაზე და სიცრუეზე, რაც მის გარშემო ტირაჟირებდა ბოლო დროს. ეს ეხება თბილისის საავიაციო ქარხანას, რომლის ერთ-ერთი საამქროს რეკონსტრუქციაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებია ინვესტირებული. თუმცა ავიაციის მიმართულებით ინვესტირებულია არანაკლებად მნიშვნელოვან თემებში, როგორიცაა კომპანია „ეარფლეინ ტექნიკსი”. სხვათა შორის, ეს კომპანია დამოწმებული იყო ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ და ის უზრუნველყოფდა ტექნიკურ მომსახურებას სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. ამ ინდუსტრიისთვის დაფუძნებული იყო კოლეჯი „ხვალინდელი წარმატებისათვის” – პროფესიული და საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფა ავიაციის სფეროში. განსაკუთრებული განვითარება აღარც ამ პროექტებმა პოვა. სომხიშვილი მთხოვს აღვნიშნო, რომ კომპანია TAM Managment-ი (თბილისის საავიაციო ქარხანა) მისთვის არასდროს ყოფილა, არის ან იქნება ბიზნესი. მისი ინტერესი იყო სამოქალაქო თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის გაკეთება, რომლისთვისაც გერმანიაში ქალაქ ჰამბურგში და საქართველოშიც გაიმართა შეხვედრები Lufthansa Technics-ის ტოპ-მენეჯმენტთან. ეს პროექტიც ვერ განხორციელდა. სომხიშვილისთვის უფრო სამწუხაროა, რომ არც არავინ იხედება დეტალებში, რომ დაინახონ მისი რეალური ინტერესები საქართველოში, რაც სრულიად გამჭვირვალეა და ზედაპირზეა. ან, თუნდაც დეტალებში გაერკვეს, რა ხდება TAM Managment-ის საწარმოში, სადაც 300 სამუშაო ადგილი შეიქმნა და თუ რაიმეს რემონტი და შეკეთება ხდება, სწორედ უკრაინელებთან პარტნიორობით მიმდინარეობს. მარტივი სანახავია, არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა იმის ძიებას, რომ სწორედ საქართველო და უკრაინა არიან პარტნიორები ამ საქმეში და კონკურირებენ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებისთვის ბელარუს-რუსეთის ტანდემთან. სწორედ უკრაინული კომპანიების (SE SFTF “Progress”, SE Odessa Aircraft Plant, RADIONIX LLC, FED LLC,JSC Motorsich, Soty LLC, PE UKRAVIASERVIS, SE ukrspetsexport – part of UKROBORONPROM holding) და მათი სერტიფიცირებული სპეციალისტების დახმარებით ხორციელდება სარემონტო სამუშაოები.

დრო დგება, რომ უკრაინის ეპიზოდზე გადავიდეთ, რომელიც გახდა მთავარი წინაპირობა, რომ თამაზ სომხიშვილი ამ ინტერვიუზე დამთანხმებოდა.
ჰო, და არ გამომრჩეს და ბარემ მოვაქციოთ საქართველოზე საუბრის ბლოკში - ცხადია, ვკითხე, რამდენად იცნობს თანამემამულეებს, ვინც რუსეთში გამდიდრდნენ? ცხადია, ვკითხე საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანთან ურთიერთობაზე, რაზეც მიპასუხა, რომ ივანიშვილი რუსეთში არ გაუცნია, პირველად საქართველოში შეხვდა, როცა ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო. იხსენებს პირველ საუბარს მასთან თავის გეგმებზე, გადმოვიდეს საქართველოში, დაიწყოს ინვესტირება. გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობების თემაზე განვრცობას არ გეგმავს, მეც ვჩქარობ, გადავიდე მთავარ ეპიზოდზე - უკრაინა. სწორედ ამ თემამ ანუ თამაზ სომხიშვილის უკრაინის ეპიზოდმა გამიმძაფრა ინტერესი ჩემი რესპონდენტის მიმართ, რომელთანაც ინტერვიუს ჩაწერას მრავალი წელიწადია, ვცდილობ. თამაზ სომხიშვილთან დაკავშირებით, ბოლო თვეებში არაერთი პუბლიკაცია შემხვდა უკრაინულ მედიაში.

„ხარკოვის მოედანი“ - არშემდგარი $200 მლნ ღირებულების პროექტი

2021 წელს, უკრაინულ მედიაში იბეჭდება თამაზ სომხიშვილის ღია წერილი პრეზიდენტ ზელენსკის სახელზე. სომხიშვილი, როგორც კომპანია „კიევ ტერმინალის“მეპატრონე, სთხოვს მას დაიცვას, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, მისი, როგორც ინვესტორის უფლებები კიევის მუნიციპალიტეტთან დავაში, რომელიც დასაბამს 2007 წლის 18 მაისს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან მოყოლებული იღებს და საკითხი კიევში ხარკოვის მოედნის სრულ რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას ეხება, რაზედაც კონკურსში გამარჯვებულმა სომხიშვილის კომპანია „კიევ ტერმინალმა“ 13,5 მლნ დოლარი გადაიხადა ვალდებულის სახით მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. ჯამში, პროექტი 125.000 კვ/მ-ის მშენებლობას ითვალისწინებდა, და ინვესტორისთვის (სომხიშვილი) იყო ოფცია, დამატებით 180.000მ2 სამშენებლო ფართი აშენებულიყო, რაც მას დედაქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტად აქცევდა, რითაც მისი კაპიტალიზაცია 200 მლნ დოლარს მიაღწევდა.
თემა საკმაოდ მძიმედ და ვირაჟულად ვითარდება. თამაზ სომხიშვილი დღეს დარწმუნებით აღნიშნავს, რომ თავის დროზეც კი (2007 წელს) ამ კონკურსის გამოცხადება უკვე ფარსის და დიდი აფერის ნაწილი იყო: კიევის ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს პროექტი უნდა დასრულებულიყო და ექსპლუატაციაში შესულიყო 2012 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელიც იმართებოდა უკრაინაში.
ქალაქის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულებით, პროექტში მონაწილეობას ერთდროულად იღებდა ქალაქის ადმინისტრაციის ორი კომპანია: „კომუნალური კორპორაცია კიევ ავტოდორის“ გენერალური დირექტორი ვლადიმირ ჟუკოვი, და „კიევსკი მეტროოპოლიტენ“. ხელშეკრულების თანახმად, კომპლექსური ღონისძიებების, სატრანსპორტო კვანძის პროექტირება და განხორციელება უნდა დაფინანსირებულიყო ადგილობრივი (ქალაქის) ბიუჯეტით.

თამაზ სომხიშვილის ფირმის - „კიევ ტერმინალის“ საინვესტიციო ობიექტს წარმოადგენდა:
• სასტუმრო-საოფისე კომპლექსი. 42000 m2
• საოფისე-საგამოფენო ცენტრით. 11610 m2
• 500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. 35000 m2
• სავაჭრო-სასაწყობე შენობა 26750m2
• რესტორანი 3610 m2
• ფეხით გადასასვლელი 230m2
• ავტოსადგური 6000 m2
სულ: 125200 m2
პროექტი უნდა დასრულებულიყო 2012 წლამდე, რაც ცხადად აჩვენებს, რომ მის მონაწილეებს დასაკარგი დრო არ ჰქონდათ.

მიუხედავად ამისა, კიევის ხელმძღვანელობა უარს ამბობს საინვესტიციოდ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გადაცემაზე, რათა დაიწყოს პროექტის დროული შეკვეთა. „კიევ ტერმინალმა“ რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მიმართა სასამართლოს, რომელმაც განაჩენი გამოიტანა 2008 წლის 28 მაისს და დაავალდებულა კიევის მერია იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთის გადაცემაზე, რის შემდეგაც საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად საჭირო იყო ქალაქ კიევის საბჭოს დადგენილება, რომელიც გამოიცა მხოლოდ 2010 წლის 27 მაისს. დოკუმენტს ხელს აწერდა იმდროინდელი საბჭოს თავმჯდომარე და ქალაქის მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი (ანუ საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ).
აღნიშნული დადგენილება გაპროტესდა ქალაქის პროკურატურის მიერ, სასამართლომ წარმოებაში მიიღო პროკურატურის საჩივარი, დააკმაყოფილა და გააუქმა კიევის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა საინვესტიციო მიწის ნაკვეთის იჯარის წესით გადაცემას კომპანია „კიევ ტერმინალისთვის“. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინვესტორი არ იყო ინფორმირებული, რომელიც კვლავ აგრძელებდა ქალაქის ბიუჯეტში ყოველთვიური საიჯარო საფასურის გადახდას. და აგრძელებდა თავისი მოვალეობის შესრულებას. ლონდონიდან მოიწვია საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია „ატკინსის“ გუნდი, რომლებიც, სრულყოფილი საპროექტო წინადადების მოსამზადებლად, რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდნენ დაკვირვებებს ობიექტზე და სწავლობდნენ სატრანსპორტო ტრაფიკს.

რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც საჭირო გახდა არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტის წარდგენა, „კიევ ტერმინალმა“ მიმართა ქალაქის არქიტექტურულ ბიუროს, და მხოლოდ მაშინ, ზეპირი საუბრისას შეიტყო ინვესტორმა, რომ იჯარის ხელშეკრულება გაუქმებული იყო სასამართლოს მიერ.

ამის შემდეგ მერია ინვესტორს სთავაზობდა მონაცვლე საინვესტიციო პროექტებს, რომელთა სათანადო შესწავლის შემდეგ ირკვეოდა, რომ შეთავაზებულ ობიექტებს უკვე ჰყავს მესაკუთრე, ან საერთოდ შუზღუდულია მშენებლობა. ამის ნათელი მაგალითი იყო ობიექტი ჟილიანსკას ქუჩაზე, რომელზეც შესრულდა პროექტირება კიევის ყოფილი მთავარი არქიტექტორის სერგეი ბაბუშკინის მიერ. ინვესტორმა დაკარგა კიდევ ერთი წელი, და შემდგომში გაირკვა, რომ ეს რაიონი და კონკრეტულად ეს საპროექტო შენობა განეკუთვნება არქიტექტურულ მემკვიდრეობას, რაც კრძალავდა მის რეკონსტრუქციას და სახეცვლილებას რაიმე ფორმით.

მას შემდეგ, რაც 2013 წლის 2 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით №64/9652 კიევის მერიამ ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულება და მიუხედავად დამატებით გაფორმებული შეთანხმებისა ზარალის ანაზღაურებაზე ინვესტორის მიმართ, კიევის მერიამ თავი აარიდა ამ ვალდებულების შესრულებასაც. ორი წლის განმავლობაში, მოლაპარაკებებში კიევის მერიასთან კომპანიის მენეჯემენტისა და იურისტების გარდა, პირადად თამაზ სომხიშვილი იყო ჩართული. თითქოს ყველა აღიარებდა, რომ ზარალი უნდა ანაზღაურდეს, მაგრამ იქვე იყო დათქმა: მოდი, ზარალის მოცულობა განსაზღვროს სასამართლომ.

„ხშირი ურთიერთობა გვქონდა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს პირველ მოადგილესთან, გენადი პლისთან. საბოლოოდ გამოვიტანეთ დასკვნა, რომ მერია განზრახ გვიწელავს დროს, რომ სასამართლომ არ განიხილოს „კიევ ტერმინალის“ საჩივარი ხანდაზმულობის მიზეზით, რაც ფაქტობრივად დამტკიცდა რეალობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო შედგა 2019 წლის დეკემბერში, სადაც ინვესტორის სასარგებლოდ კიევის მერიას დაეკისრა 24 მლნ 460 997 დოლარის ანაზღაურება. ეს თანხა შედგებოდა ინვესტირებული თანხის და პირდაპირ გაწეული ხარჯის ჯამისგან. კანონით დადგენილი 30 დღის განმავლობაში, სასამართლოში აპელაცია არცერთ მხარეს არ შეუტანია. დაახლოებით ერთი კვირის დაგვიანებით ქალაქ კიევის მერიას შეაქვს განცხადება აპელაციაში, ხოლო სასამართლომ ის მიიღო განსახილველად. და განხილვა კი, კანონით დადგენილი 6 თვის მაგივრად შედგა 18 თვის შემდეგ. განაჩენიც გამოიტანეს: ინვესტორს არ ეკუთვნის კომპენსაციის მიღება, რადგან მისი საჩივარი პირველ ინსტანციაში შეტანილი იყო ხანდაზმულობით.

ამის შემდეგ თამაზ სომხიშვილის იურისტმა შეიტანა სარჩელი უმაღლეს სასამართლოში, და ამავდროულად სომხიშვილმა (როგორც ბრიტანეთის მოქალაქემ) უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოსაც მიმართა თხოვნით, რომ სასამართლო პროცესს საელჩოს წარმომადგენელი დასწრებოდა. უმაღლესი სასამრთლოს სხდომა გაიმართა სამჯერ, და სამივე მათგანს ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი. უმაღლესმა სასამართლომ არაკანონიერად ცნო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დააბრუნა ქვედა ინსტანციაში.
რუსეთთან მიმდინარე ომის პერიოდში, სომხიშვილმა მორიგ ჯერზე სამშვიდობო შეთანხმება შესთავაზა კიევის მუნიციპალიტეტს, რასაც ასევე საკითხის გადაწყვეტის იგნორირება და დროში გაწელვა მოჰყვა.

საინვესტიციო კონკურსის ჩატარებიდან 16 წელიწადი გავიდა. გასაგებია, ბევრი და მრავალმხრივი მიზეზით უკრაინაში ბიზნესის კეთება არასდროს ყოფილა მარტივი ინვესტორებისთვის. ამ პროექტში მონაწილეობა თავის დროზე დაადასტურა საერთაშორისო კომპანია Apollo Rida-მ, რომლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი იყო დევიდ მიცნერი. თუმცა ის, როგორც პროექტის სხვა პარტნიორები, მას ჩაეხსნენ, ხედავდნენ რა კიევის მერიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის მიზანმიმართულ ქმედებებს. უკრაინაში სომხიშვილის წინააღმდეგ აგორებული „შავი პიარის“ კამპანიის უკან არიან რეალურად დამნაშავე კიევის მერიის ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები, რომელთაც სურთ არ იყვნენ მიცემული პასუხისგებაში ამ უმძიმესი საქმის ფონზე. ბევრ კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ დღემდე ხარკოვის მოედანი ისევე გამოიყურება, როგორც 16 წლის წინ. ასევე კითხვებია, თუ რა ბედი ეწია იმ თანხებს, რომლებიც ქალაქმა მიიღო როგორც უშუალოდ ინვესტორისგან - 14 მილიონ დოლარზე მეტი, ასევე საბიუჯეტო თანხები, რომლებიც დედაქალაქს გამოეყო აღნიშნულ პროექტში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

მე ვესაუბრე თამაზ სომხიშვილის ადვოკატს, ტარას დიმიჩს და ის მიყვება, რომ, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო უწყება ადასტურებს მედიის შეტევის ფაქტს თამაზ სომხიშვილზე, თუმცა მაინც დამკვირვებლის როლს ინარჩუნებენ. „ბიზნესის კეთების მხრივ უკრაინაში საკმაოდ მძიმე გამოცდილება მაქვს და ეს არ ეხება მხოლოდ მიმდინარე დავებს“. ამიტომაც სომხიშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ და საჯაროდ გააჟღეროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით „კიევ ტერმინალის“ საქმეზე არსებული პრობლემების შესახებ.

თამაზ სომხიშვილი - დღეს.2023 წელი

რას წარმოადგენს დღეს თამაზ სომხიშვილი?

მას დღეს მეტად სხვა თემებზე ეფიქრება, ვიდრე ინვესტიციებია, თუმცა სურს და აპირებს, ბოლომდე დაანახოს ყველას თავისი პრინციპული სახე კიევის მერიასთან დავაში. სომხიშვილი არ ფიქრობს ინვესტირებაზე საქართველოში ან სხვა ქვეყანაში. ის 2007 წლიდან მოყოლებული ბრიტანეთის მოქალაქეა, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედია გადაიტანეს ორი წლის წინ ლიანა სომხიშვილის დაღუპვის გამო. არ ფიქრობს ინვესტიციებზე, თუმცა ფიქრობს ლონდონში არსებულ ეკლესიაზე, რომელიც საქართველოსთვის შეიძინა და სწორედ ამ ეკლესიის ეზოში დაასვენეს მისი ქალიშვილი. „ჩემი ადგილიც აქვეა. ჩემი შვილის გვერდით“ - ვერ იკავებს საუბრის ბოლოს ცრემლს სომხიშვილი. აქ ინტერვიუ წყდება და სრულდება.

დღეს თამაზ სომხიშვილი ძირითადად ევროპაში ცხოვრობს. ჩვენი ინტერვიუ თბილისში შედგა, სადაც სულ უფრო იშვიათად ჩამოდის და ყოველდღიურობას უფრო მეტად ლონდონში, ვენასა და მონაკოში ატარებს, სადაც ასევე არ აქტიურობს როგორც ინვესტორი, თუმცა მისი ოჯახი რამდენიმე უძრავ ქონებას და ბიზნესს ფლობს.

ჩემი აზრით, თამაზ სომხიშვილისთვის შეცვლა, რათა გახდეს საჯარო ფიგურა, დაგვიანებულია. მგონია, რომ მეტს მისი პერსონის საქმიანი მხარის შესახებ ისევ მისი ადვოკატების ან სხვა წარმომადგენლების საშუალებით გავიგებთ.
ამასზედ, სხვა დროს.

ამჯერად შეგვიძლია, მის საქმიან ისტორიაზე პირველი წერტილი დავსვათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები