მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა, რომ აქედან გამოსავალი ვაქცინაციაა, თუმცა აქაც და სხვაგანაც აცრის მიმართ მზაობა ერთგვაროვანი სულაც არ არის. იმ ფაქტს, რომ დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში სულ მცირე ერთი დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 36% - განსაკუთრებით მეხუთე ტალღის მოლოდინის პირობებში - სერიოზული გავლენა აქვს იმაზეც, თუ რამდენად ღია დარჩება ეკონომიკა და შესაბამისად, რამდენად ექნება მას ზრდის შესაძლებლობა. ამ კვირის ნებისმიერი მიმოხილვა თუ შეფასება რომ აიღოთ - იქნება ეს ეიდიბი თუ მუდისი, მაგალითად - ნახავთ, რომ ვაქცინაციის ტემპზეა პრაქტიკულად ყველა სცენარი მიბმული. დადებითი სცენარების განვითარება კი, მხოლოდ აცრის მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაშია შესაძლებელი. დღეს საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა შესაძლებელია ორი მიმართულების განსაკუთრებით დაჩქარებით - ინვესტიციების მოზიდვით და ტურიზმის გააქტიურებით.