თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სპეცეფექტებისა და მხატვრული ფოიერვერკების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101,150 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ყოველი კონკრეტული დავალებისათვის მერია მიმწოდებელს წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია ღონისძიების ჩატარების ადგილის, მისაწოდებელი სპეცეფექტებისა და მხატვრული ფოიერვერკების (თანმდევი მომსახურებით - შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას სპეცეფექტებისა და მხატვრული ფოიერვერკების გაშვება) სახეობის, რაოდენობისა და მოწოდების ვადის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია სპეცეფექტებისა და ფოიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე. ფოიერვერკის გაშვება უნდა განხორციელდეს პულტის მეშვეობით.
ამასთან, მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სპეცეფექტებისა და ფოიერვერკების მიწოდების შესაძლებლობა ერთდროულად სამი ადგილიდან.
რაც შეეხება სპეცეფექტებს, მერიას სურს შეისყიდოს 150 ცალი კონფეტი, 150 ცალი ე.წ შადრევანი და 30 ცალი 5-მეტრიანი ე.წ ჩანჩქერი.