მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის ტაქსის“ მძღოლები სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან

6007e285dde8a
ინგა მურუსიძე
20.01.21 12:06
4072
ტაქსის ნებისმიერი კატეგორიის მძღოლი ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების ტესტირება მოხდება.

„ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან „თბილისის ტაქსის“ მძღოლები, როგორც A, ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. როგორც თავად ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ტაქსის დაინფიცირებული მძღოლები მუშაობას განაგრძობდნენ.

„იმისთვის, რომ ვიყოთ დაზღვეული, მნიშვნელოვანია, რომ ტაქსის მძღოლების PCR ტექსტირება მოხდეს ორ კვირაში ერთხელ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

შესაბამის სამართლებრივ ცვლილებებს თბილისის მერია დასამტკიცებლად საკრებულოში წარადგენს. პროცესზე მონიტორინგს დედაქალაქის მერია და ცენტრალური ხელისუფლება ერთობლივად განახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები