მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში აგვისტოში ბინის გაქირავება 79%-ით გაძვირდა

632c0db7f0f31
მარიამ ვარადაშვილი
22.09.22 16:27
1744
TBC Capital-ის ინფორმაციით, თბილისში აგვისტოში გასაქირავებელი ბინის ფასი წლიურად 79%-ით გაიზარდა და საშუალოდ კვადრატული მეტრის ფასმა 8.9 დოლარს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით ზრდა 8%-ს შეადგენს.

ორგანიზაციის ცნობითვე, გასაქირავებელი საცხოვრებელი სახლის ფასი მიმდინარე წლის მაისიდან მცირდებოდა, თუმცა ყველაზე მაღალ ნიშნულს აგვისტოში მიაღწია.

რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასს, TBC Capital-ის თანახმად, თბილისში მისი ფასი წლიურად 26.5%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია. ივლისთან შედარებით ზრდა დაახლოებით 9%-ს შეადგენს.

უბნების მიხედვით გასაყიდი უძრავი ქონების ფასი წლიურად ყველაზე მეტად 31%-ით საბურთალოზე გაიზარდა, შემდეგ 30%-იანი ზრდით გლდანი მოდის.

საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე ტრადიციულად ყველაზე მაღალია ახლად გარემონტებული ბინის შემთხვევაში და 1 221 დოლარს შეადგენს, შემდეგ მოდის მწვანე კარკასის მდგომარეობით, რომლის ფასიც 1 140 დოლარს შეადგენს.

ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინაში გახანგრძლივებული ომის, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და ევროკავშირის მიერ რუსეთთან ვიზის გამარტივებაზე მიღწეული შეთანხმების შეჩერების გამო, საქართველოში შესაძლოა რუსეთიდან მიგრანტების ახალი ტალღა შემოვიდეს.

აგვისტოში ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში 737 ბინა გაიყიდა, რაც 8.5%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის პერიოდზე. ძველ საცხოვრებელ სახლებში გასაყიდი ქონების წლიური ზრდა უფრო დიდია და 29.3%-ს შეადგენს. ჯამში, 2022 წლის აგვისტოში 3 610 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც 27%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები